ვადიმ გობოზოვისა და ანატოლი ბიბილოვის შეხვედრის ამსახველი კადრები ტელეკომპანია „ირ“-მა დღეს გაავრცელა.
„მე, რა თქმა უნდა, მადლობელი ვარ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, ყველა იმ ადამიანის, ვინც ამ მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობდა. ქართულ მხარესთან ჩვენ პირდაპირი კონტაქტი არ გვაქვს. გვიხდებოდა შუამავლების მეშვეობით ურთიერთობა და იმ რეზულტატისთვის რაც მივიღეთ, რა თქმა უნდა, მადლობელი ვარ ღმერთის“, – განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.
რუსეთის პატრიარქს მადლობა გადაუხადა ვადიმ გობოზოვმაც.
რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 41 წლის ვადიმ გობოზოვი ჩრდილოეთ ოსეთის სოფელ ელხოტოვოს მცხოვრებია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ის 2020 წლის 15 სექტემბერს, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ყაზბეგში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 14 სექტემბერს, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ვადიმ გობოზოვის მამას, საქართველოსა და რუსეთის ორმაგმა მოქალაქემ, 39 წლის ალან მუზაშვილმა ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც ალიკ გობოზოვი გარდაიცვალა. ამის შემდეგ, გარდაცვლილის შვილმა, ვადიმ გობოზოვმა, შურისძიების მოტივით, ცივი იარაღისა და ბლაგვი საგნის გამოყენებით ალან მუზაშვილს მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა.
ვადიმ გობოზოვის საქმეს გორის რაიონული სასამართლო განიხილავდა. გობოზოვს წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, რომლის მაქსიმალური ვადა – 9 თვე – ივნისში ამოიწურა. მანამდე, მაისში, გამოცემა Qartli.ge-ის გორის რაიონულ სასამართლოში განუცხადეს, რომ გობოზოვის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პროცესი მიმდინარეობდა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რეს“-მა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძე ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა. სააგნეტოს ცნობით, გახელაძის შეწყალების თხოვნით ბიბილოვს რუსეთის პატრიარქმა კირილემ მიმართა, რის შემდეგაც ბიბილოვმა შესაბამის ორგანობს დაავალა გახელაძის გობოზოვზე გაცვლის საკითხი დაემუშავებინათ, რადგან გობოზოვის ნათესავებმა არაერთხელ ოთხოვეს დახმარება.
„სამხრეთ ოსეთის მოქალაქე ვ. გობოზოვი ქართული სპეცსამსახურების მიერ გატაცებული იქნა ზემო ლარსის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე საქართველო-რუსეთის საზღვრის ნეიტრალური ტერიტორიიდან და პატიმრობაში იმყოფებოდა“, – წერდა „რეს“-ი ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.
მათივე ცნობით, საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ გობოზოვი ე.წ. სამხრეთ ოსეთს 13 ივლისს გადასცა, ხოლო ზაზა გახელაძის გათავისუფლება ერთი დღით გვიან, 14 ივლისს მოხდა.
ზაზა გახელაძეს სოფელ ერგნეთში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი და სხვა მაღალჩინოსნები დახვდნენ. ერგნეთში იმყოფებოდა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრიაც.
„მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ამ პროცესში მიიღო მონაწილეობა. მადლობა ჩვენს პატრიარქს, მადლობა პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, სუს-ის ხელმძღვანელობას, შინაგან საქმეთა მინისტრს და ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და არ უპასუხა გობოზოვთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.
მოგვიანებით, ზაზა გახელაძის ოჯახში ყოფნის დროს ირაკლი ღარიბაშვილმა ამ საკითხზე კომენტირებისას თქვა: „ბევრ ვერსიას მოისმენთ, მაგრამ ყველას გთხოვთ, რომ ვერსიებს აღარ მოუსმინოთ, ჩვენ შევხედოთ შედეგს. შედეგია, რომ ზაზა გახელაძე არის თავისუფალი“.
34 წლის ზაზა გახელაძე რუსმა სამხედროებმა კასპის რაიონში, ე.წ. სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2020 წლის 11 ივლისს ფეხში დაჭრეს და უკანონოდ დააკავეს. 2021 წლის 5 თებერვალს დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელზე თავდასხმასა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში და 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გახელაძის გათავისუფლებას მისი ოჯახის წევრები თითქმის ერთი წელი უშედეგოდ ითხოვდნენ და ხელისუფლებას არაეფექტურად მუშაობაში ადანაშაულებდნენ. 23 ივნისიდან გახელაძეები საპროტესტო აქციების გამართვას აპირებდნენ, თუმცა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ შეცვალეს, რაც 22 ივნისს მათ საპატრიარქოს წარმომადგენლები შეხვდნენ, რომლებმაც აცნობეს, რომ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ზაზას გასათავისუფლებლად რუსეთის ხელისუფლებასთან შუამდგომლობისთვის პატრიარქ კირილეს წერილობით მიმართავდა.