კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორის, ამირან ხინიკაძის ინფორმაციით, ორმა პირმა კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე 14 ივლისს გაიარა რეგისტრაცია.
„მითითებები მისცეს, რომელ ბილიკზე მიდიოდნენ და წავიდნენ ხინოს მიმართულებით, ავიდნენ ტბაზე, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე. იქიდან დააპირეს გომის მთაზე გადასვლა. იქ ჩვენი ტერიტორია აღარ არის. როგორც ვიცი, ნისლი ჩამოწვა. სამაშველო გამოიძახეს, რომელიც გუშინ საღამოს წავიდა“, – ამბობს ხინიკაძე „აჭარის ტელევიზიასთან“.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 112-ში შესული შეტყობინების თანახმად, გზააბნეული მოქალაქეები ხინოსა და გომის მთებს შორის იმყოფებოდნენ და უსაფრთხო ადგილზე ჩამოსვლას ვერ ახერხებდნენ. ისინი მაშველების დახმარებას ითხოვდნენ, ერთ-ერთ მათგანს ქვედა კიდურის დაზიანება ჰქონდა.
„შეტყობინების მიღებისთანავე, მოქალაქეების დასახმარებლად გავიდა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 3 ჯგუფი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს რთული რელიეფის გამო, მოუწიათ ხეობაში ქვეითად გადაადგილება. ცუდი ხილვადობის გამო, ღამის განმავლობაში, ვერ მოხერხდა პროცესში საჰაერო ძალის ჩართვა. დილიდან, გათენებისთანავე მუშაობა დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა, რომელშიც იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები და ექიმები. ამ დროისთვის ხეობაში მიმდინარეობს აქტიური საძიებო-სამაშველო ოპერაცია“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.