weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სახალხო დამცველი პანკისში შეხვედრებს გამართავს

15:50 ორშაბათი, 28 აგვისტო 2017

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი 29 აგვისტოს პანკისის ხეობაში შეხვედრებს გამართავს ლაფანყურის სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული ახალგაზრდების ოჯახის წევრებთან, უხუცესებთან და სალაფიტური თემის წარმომადგენლებთან.

15:30 საათზე სოფელ დუისში დაგეგმილია შეხვედრა ლოპოტას ხეობაში ლიკვიდირებული ასლან მარგოშვილის და ბაჰაუდინ ქავთარაშვილის მშობლებთან. 16:30 საათზე უჩა ნანუაშვილი პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრებს შეხვდება; 17:30 საათზე კი პანკისის სალაფიტური თემის წარმომადგენლებს.

18:30 საათზე სახალხო დამცველი პანკისის სათემო რადიოს გადაცემაში მიიღებს მონაწილეობას, რომლის მთავარი თემაც ლაფანყურის სპეცოპერაცია იქნება.

პანკისში ვიზიტამდე სახალხო დამცველი მცხეთის რაიონში აპირებს ჩასვლას, სადაც ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი სპეცრაზმელის არჩილ ჩოხელის ოჯახის წევრებს შეხვდება.

შეგახსენებთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ე.წ. ანტიტერორისტული ოპერაცია სოფელ ლაფანყურთან, ლოპოტას ხეობაში 2012 წლის 28 აგვისტოს, გვიან ღამით დაიწყო. შსს–ს ცნობით, სპეცოპერაცია ლაფანყურის ტყიდან 5 ახალგაზრდის გატაცებას მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები 25 აგვისტოს დაიკარგნენ. შსს ირწმუნებოდა, რომ შეიარაღებულმა ჯგუფმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა და ახალგაზრდები მძევლებად აიყვანა. 29 აგვისტოს შსს–მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოპერაციისას დაიღუპა შსს-ს ორი თანამშრომელი და სამხედრო ექიმი, დაიჭრა 5 ქართველი სპეცრაზმელი, მოხდა 11 დივერსანტის ლიკვიდაცია, 6 კი - ალყაში ჰყავდათ მოქცეული.

სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ შეიარაღებული ჯგუფიდან ლიკვიდირებული იყო 7 წევრი: საქართველოს მოქალაქეები: ასლან მარგოშვილი, დაბადების თარიღი – 28/06/1990 და ბაჰაუდინ ქავთარაშვილი, დაბადების თარიღი 07/02/1986. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები – ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი დაბადებული გროზნოში, 1986 წლის 10 თებერვალს; დუკვახა დოშუევი, დაბადების თარიღი: 19/01/1968, დაბადების ადგილი ჩეჩნეთი, ქ. ვეგენო. სალამ ზაურბეკოვი, დაბადების თარიღი: 14/12/1991, დაბადების ადგილი ჩეჩნეთი, ქ. გროზნო. ხაშიევ ჯაბრაილი, დაბადების თარიღი: 24/01/1989, დაბადების ადგილი ინგუშეთი. მუსა ადუევი, დაბადების თარიღი: 28/03/1981, დაბადების ადგილი ქ. გროზნო.

დაიღუპა ასევე სპეცრაზმის 2 წევრი, სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი, ასევე თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალების ექიმი, კაპრალი ვლადიმერ ხვედელიძე.

ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ–ის 144–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ და „ი“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს – ლაფანყურელი ახალგაზრდების მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე. გამოძიებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აწარმოებს.

სახალხო დამცველი თავის საპარლამენტო ანგარიშში აცხადებს, რომ საქართველოში ჩეჩენი მებრძოლების ჩამოყვანის ორგანიზებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები, მინისტრის მოადგილე გია ლორთქიფანიძე, ანტიტერორისტული ცენტრის უფროსი ზურაბ მაისურაძე და ამავე ცენტრის კახეთის სამმართველოს უფროსი სანდრო ამირიძე ხელმძღვანელობდნენ. სახალხო დამცველის განცხადებით, საქართველოში ჩამოყვანილ ჩეჩნებს აძლევდნენ იარაღს, წვრთნიდნენ და პირდებოდნენ „კორიდორის“ მიცემას რუსეთის ტერიტორიაზე გადასასვლელად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]