სამართალდამცავებმა 5 ივლისის მოვლენების დროს ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის, ლევან ბრეგვაძის მიმართ ძალადობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 1997 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ. გ..
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნ.გ.-მ 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, რევაზ თაბუკაშვილისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩების კვეთაზე, „პირველის“ ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ამავე საქმეზე გუშინ წინასწარი პატიმრობა შეეფარდა ვანო ბურდულს. ის ბრალს არ აღიარებს.
„გამიზნულად მირტყამდნენ სახესა და წელზე. თავიდან მოვიდა სულ მცირე 15 ადამიანი, მერე უკვე, რომ იღლებოდნენ, ერთმანეთს ენაცვლებოდნენ და ხან ერთი დამარტყამდა, ხან – მეორე. თითქოს, სიამოვნებას იღებდნენ ამით“, – ამბობდა ლევან ბრეგვაძე მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლას, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნას და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
„დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები“, – აცხადებს შსს.
5 ივლისს, თბილისში, საქართველოს საპატრიარქოს და ჰომოფობიური ჯგუფების მოწოდებით „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების – „ღირსების მარშის“ ჩატარების წინააღმდეგ აქცია გაიმართა, რაც მედიის წარმომადგენლების, სამოქალაქო აქტივისტებისა და გამვლელების მიმართ ძალადობაში გადაიზარდა. ჰომოფობიური ჯგუფების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა 53 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი. მათგან რამდენიმე მძიმედ დაშავდა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ერთ-ერთი მათგანი, ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების უშუალო მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის.
დღემდე, 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით, ბრალი 24 პირს ჰქონდა წარდგენილი, დაზარალებულად კი 41 პირი იყო ცნობილი, მათ შორის, 35 ჟურნალისტი და ოპერატორი.