შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ყოფილი მეუღლე – 1994 წელს დაბადებული გ.პ. და მამამისი – 1969 წელს დაბადებული ი.პ. მათსავე საცხოვრებელ სახლში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა, ხოლო ყოფილი მეუღლის დედის – 1974 წელს დაბადებულ ს.ა.-ს და ძმის – 1996 წელს დაბადებული ა.პ.- ს მოკვლას შეეცადა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შსს-ს ცნობით, დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღო“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე, 11 პრიმა-19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.