„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უ.დ.-მ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, „ცისფერი გალერეის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა“, – აცხადებს შსს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლას, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნას და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 5-6 ივლისს მოვლენებთან დაკავშირებით სულ დაკავებულია 27 პირი, კერძოდ:
- ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე დაკავდა 23 პირი;
- „თბილისი პრაიდის“ ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი;
- მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალებით დაკავებულია 1 პირი.
შსს-ს ცნობით, დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები გრძელდება.