weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

ეს იყო ერთჯერადი და აღარ გამეორდება – გამყრელიძე ჯარიმების ამნისტიაზე

14:58 ოთხშაბათი, 21 ივლისი 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო დაწერილ ჯარიმებს ამნისტია აღარ შეეხება და ეს ერთჯერადი აქტი იყო.

დღეს გამყრელიძეს ჰკითხეს, რომ თუ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოვიდ-რეგულაციების გამკაცრების გადაწყვეტილებას მიიღებს, რა მოლოდინი აქვს მათ შესრულებასთან დაკავშირებით, როდესაც პირველ შემთხვევაში ამნისტია გამოცხადდა და გადაუხდელი ჯარიმები ყველას ეპატია.

„ეს იყო ერთჯერადი, ეს აღარ გამეორდება“, – განაცხადა გამყრელძემ.

შეკითხვას, ვინ იღებს ამის შესახებ გადაწყვეტილებას – ის თუ პრემირ-მინისტრი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა უპასუხა: „არა, ამ გადაწყვეტილებას იღებს საბჭო. ერთპიროვნული გადაწყვეტილებები ქვეყანაში არ არის. საკოორდინაციო საბჭო იმიტომ არის, რომ იქ ყველა გამოთქვამს თავის აზრს და მერე ყალიბდება კონსენსუსი“.

24 ივნისს პრემირ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაცხადა, რომ პანდემიის პერიოდში იზოლაციის, კარანტინის და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებული და გადაუხდელი ჯარიმები ჩამოიწერება. საუბარია 76 მილიონ ლარზე. ღარიბაშვილის თქმით, როგორც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, ისე ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდება 245 ათასზე მეტი მოქალაქე და 344 იურიდიული პირი.

მთავრობის ეს გადაწყვეტილება არასამთავრობო სექტორმა და ოპოზიციამ ადგილობივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობად შეაფასეს. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) განცხადებით, ვაქცინაციის ტემპის გათვალისწინებით, სავარაუდოა, რომ საქართველო კვლავ დადგება შეზღუდვების დაწესების საჭიროების წინაშე, ამნისტიის გამოცხადება კი კოვიდ-რეგულაციების დარღვევას წაახალისებს.

„პანდემია არ დასრულებულა, ვაქცინაციის თვალსაზრისით არაერთი პრობლემა ვლინდება, ხოლო ორი დღის წინ საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის Covid რეგულაციების დასაწესებლად საჭირო უფლებამოსილების გაგრძელებას. ამ პირობებში, ამნისტიის გამოცხადება ბადებს ეჭვს, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებული არჩევნებით ან სხვაგვარი პოლიტიკური მიზნებით არის განპირობებული“, – განაცხადა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“.

ბოლო დღეებია საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების ტენდენცია შეინიშნება: გუშინ კორონავირუსით ინფიცირების 2616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დღეს კი– 2415. ბოლო 48 საათის განმავლობაში ვირუსის შედეგად 52 ადამიანი გარდაიცვალა. ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველო ყველა ინდიკატორით წითელ ზონაშია გადასული და „რიგი გამკაცრებები, რა თქმა უნდა, იქნება, პირველ რიგში, აღსრულებასთან დაკავშირებით“. როგორც გამყრელიძე ამბობს, პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო იქნება ღია სივრცეში – იქ, სადაც 5-6 ადამიანი მაინც იყრის ერთად თავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]