weather cur horoscope tv
ნოემბერი 02, 2024

შეგიძლიათ ჟურნალისტები ეკლესიებში არ დაუშვათ, მიმართეთ პოლიციას – საპატრიარქო წინამძღვრებს

19:49 ხუთშაბათი, 22 ივლისი 2021

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ტაძრების წინამძღვრებს მიმართავს, როგორ შეუძლიათ არასასურველი ტელეკომპანიების ჟურნალისტებთან კომუნიკაცია თავიდან აირიდონ და მათ ეკლესიის სივრცეში გადაადგილება შეუზღუდონ.

საპატრიარქო აცხადებს, რომ დიდი ხანია საქართველოს ეკლესიაზე გარკვეული ძალების მიერ სერიოზული შეტევა ხორციელდება, 5-6 ივლისის მოვლენების შემდეგ კი მედიასივრცეში ვითარება უფრო გამწვავდა და უკიდურესად აგრესიული ხასიათი მიიღო. საპატრიარქო სამ ტელეკომპანიას – „მთავარ არხს“, „პირველს“ და „ფორმულას“ ასახელებს და ამბობს, რომ ისინი „ სიძულვილის ენით განსაკუთრებით გამოირჩევიან“.

„მათი ეთერით პირდაპირ და მოურიდებლად ხდება საქართველოს საპატრიარქოს, კათოლიკოს-პატრიარქის, მღვდელმთავრების, მღვდლების და მრევლის შეურაცხყოფა; ისმის მუქარაც და ანგარიშსწორებისაკენ მოწოდებებიც.

ხშირად აღნიშნული ტელეარხების ჟურნალისტები (ვფიქრობთ, ხელმძღვანელთა დავალებით) ინფორმაციის ობიექტურად გაშუქების ნაცვლად, აჟღერებენ მიკერძოებულ შეფასებებს და უსაფუძვლო ბრალდებებს, მიზანმიმართულად ამახინჯებენ ფაქტებს და ცდილობენ, პროვოკაციული კითხვებით წონასწორობა დააკარგვინონ რესპონდენტს; შემდეგ კი, კონტექსტიდან ამოგლეჯილ, დამონტაჟებულ ისეთ სიუჟეტებს უშვებენ, რომ მაყურებელმა სასულიერო პირი მოძალადედ აღიქვას.

მართალია, გარკვეულ გადაცდომას ერთეული სასულიერო პირის მხრიდან ჰქონდა ადგილი, მაგრამ მიზანმიმართულად ხდება კერძო შემთხვევის განზოგადება და საერთოდ ეკლესიის მსახურთა მოძალადეობაზე აქცენტის გაკეთება.

მაშინ, როდესაც არც კი ახსენებენ, რამდენმა მოძღვარმა გადაარჩინა იგივე ჟურნალისტები 5-6 ივლისს ძალადობისაგან. ამასთან, რა თქმა უნდა, არ ამხელენ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებსა და მხარდამჭერთ, მათ ფსიქოლოგიურ ძალადობებს, პროვოკაციულ განცხადებებსა და ქმედებებს.

ამ ჟურნალისტებს ტაძრის ეზოები პოლიტიკურ დებატებში ჩართვისა და შეურაცხყოფის ადგილად სურთ აქციონ, ცალკეულ რელიგიურ სწავლებას პოლიტიკური განაცხადის სახე შესძინონ და ეს პრობლემების შექმნის მიზეზად წარმოაჩინონ. ამასთან, ისინი არ ერიდებიან ჩვეულებრივი მოქალაქეების კერძო სივრცეში ნებართვის გარეშე შეჭრასაც და უბრალო ადამიანების უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენებას.

უხეშად ირღვევა რა ჟურნალისტური ეთიკის ნორმები, საჯაროდ კვლავ ხდება დემონსტრირება ფსიქოლოგიური ძალადობის და სამოქალაქო მშვიდობისათვის ხელის შეშლის, რაც საელჩოებისა და არასამთავრობო სექტორისთვის რატომღაც შეუმჩნეველი რჩება“, – აცხადებს საპატრიარქო.

საპატრიარქო ყველას თავშეკავებისკენ და გამოწვევების მოთმინებით დაძლევისკენ მოუწოდებს. ამავდროულად საპატრიარქო აღნიშნავს, რომ არსებობს კანონი, რომლითაც სასულიერო პირებს და ცალკეულ ადამიანებს შეუძლიათ ჟურნალისტებს ტაძრის ეზოში შესვლა შეუზღუდონ.

„საქართველოს კანონით, ნებისმიერი მოქალაქე დაცულია ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან, არასასურველი კომუნიკაციისა და ადევნებისაგან (151 პრიმა 1-ლი მუხლი). სისხლის სამართლის კოდექსით, ასევე, ისჯება ღვთისმსახურების ან სხვა რელიგიური წეს-ჩვეულების აღსრულებისთვის ხელის შეშლაც (მუხლი 155-ე).

აღნიშნულიდან გამომდინარე, ცალკეულ ადამიანს თუ ტაძრის წინამძღვრებს შეუძლიათ, წერილობით მიმართონ ამა თუ იმ ტელეარხის ხელმძღვანელობას და შეატყობინონ, რომ არ სურთ მათი ტელევიზიის ჟურნალიტებთან კომუნიკაცია, რადგან დამაბრკოლებელი გარემოებები ექმნებათ; ასევე, 

მიზანშეწონილია შესაბამისი განაცხადი განთავსდეს ტაძრის ეზოს შესასვლელეთან; მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მიმართვის საფუძველზე, პოლიციას ევალება, შეზღუდონ ამგვარ ჟურნალისტთა თქვენს სივრცეში გადაადგილება, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

5-6 ივლისს თბილისში გამართული აქციების ერთ-ერთი ინიციატორი და ორგანიზატორი ჰომოფობიურ ჯგუფებთან ერთად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო იყო. მათ მრევლს მოუწოდეს, სექსუალური უმცირესობების ე.წ. ღირსების მარშის წინააღმდეგ შეკრებილიყვნენ. ზოგიერთი სასულიერო პირი აქციის მონაწილეებს პირდაპირ მოუწოდებდა - ეძალადათ სამშობლოს სახელით. ამ აქციებზე ჟურნალისტებს თავს ესხმოდნენ, სცემდნენ და ტექნიკას უმტვრევდნენ. 5 ივლისს 53 ჟურნალისტი დაზარლდა. რამდენიმე საავადმყოფოში მოხვდა, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ კი ერთ-ერთი დაშავებული ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]