ტიკარაძემ განმარტა, რომ ვაქცინაციის საიტზე „ფაიზერის“ მეორე დოზების რაოდენობა (154 126) შეცდომით წერია. წესით, უნდა ეწეროს 12 000, რაც მეორე დოზით ვაქცინაციისთვის არის განკუთვნილი.
„დღეს განახლდება რეგისტრაცია, ოღონდ მეორე დოზებზე, იმ ადამიანებისთვის, ვინც უკვე აიცრა „ფაიზერით“ და მათ 37 კლინიკაში, სადაც უკვე ჩაიტარეს აცრები, საშუალება ექნებათ, 26 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით დაჯავშნონ მათთვის სასურველი თარიღი. იცით, რომ „ფაიზერის“ ვაქცინაციაზე მეორე დოზის მიღების რეკომენდაცია არის 21 დღე.
ასევე, მოგმართავთ თხოვნით, რომ „ფაიზერის მეორე დოზაზე რეგისტრაცია მოქალაქეებმა განახორციელონ 24 ივლისის 12:00 საათამდე. სხვა შემთხვევაში მათი რეგისტრაცია მოხდება ავტომატურად, იმავე კლინიკაში, სადაც მიიღეს მომსახურება პირველ აცრაზე. თუმცა, აქ ვაძლევთ მოქნილობას ჩვენს მოქალქეებს და მათ ამ ჯავშნის მიღების შემდეგ ექნებათ საშუალება, რომ შემდეგ შეცვალონ მათთვის სასურველი თარიღი და კლინიკა, ოღონდ შედარებით მოგვიანებით“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ვაქცინაციის საიტზე ცვლილება განხორციელდა და მოქალაქეები ჯავშნის შესახებ საბოლოო დასტურს 24 საათის განმავლობაში მიიღებენ.
„ფაიზერის“ ვაქცინის პირველ დოზაზე დაახლოებით 12 000 მოქალაქე 16 ივლისს დარეგისტრირდა.