„ბევრ წამახალისებელ ღონისძიებაზეა საუბარი. ჩვენ იმუნიზაციის გეგმაშიც და მერეც რამდენიმე რეკომენდაცია წარვადგინეთ. აქ ახალ ველოსიპედს არავინ იგონებს. ჯერ აუცილებელია, რომ აცრის შემდეგ ადამიანს მიეცეს ერთი ან ორი გამოსასვლელი დღე. დამსაქმებლებმა ეს უნდა უზრუნველყონ, რომ აცრის შემდეგ ადამიანი სახლში იყოს ერთი ან ორი დღე, როგორც იქნება გადაწყვეტილი.
მაგალითად, მე დაავადებათა კონტროლის ცენტრში ორ გამოსასვლელ დღეს ვაძლევ იმ ადამიანებს, ვინც იცრებიან. დაავადებათა კონტროლის ცენტრში მომუშავე ადამიანების 61% დღეს აცრილია და გვინდა, აგვისტოს ბოლომდე ავიდეთ 80-85%-ზე“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ასევე, მიღებული პრაქტიკაა სხვადასხვა ლატარიების გათამაშება და ორჯერად აცრილებისთვის გარკვეული შეღავათების შემოღება.
„დამსაქმებლებს ვთხოვთ, მეტად წაახალისონ თანამშრომლები. მათ შეიძლება, ბევრი რამ მოიფიქრონ ამასთან მიმართებაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.