weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აშშ-ის მთავრობის საჩუქარი – „ფაიზერის“ ვაქცინის 500 ათასი დოზა საქართველოშია

10:17 შაბათი, 24 ივლისი 2021

აშშ-ის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული ფაიზერის ვაქცინის 500 ათასი დოზა საქართველოშია. ტვირთს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე დახვდნენ.

„ფაიზერის“ ვაქცინაზე რეგისტრაცია დღეიდან, 24 ივლისიდან, 12:00 საათიდან იქნება შესაძლებელი, აცრის პროცესი კი 26 ივლისიდან დაიწყება. რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალ Booking.moh.gov.ge-ზე არის შესაძლებელი. „ფაიზერით“ ვაქცინაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებისთვის არის დაშვებული.

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის თქმით, „ფაიზერის“ ნახევარი მილიონი დოზა პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და ამერიკის მთავრობის საჩუქარია ქართველი ხალხისთვის საქართველოსა და ამერიკის მეგობრობის ნიშნად. ელჩის შეფასებით, აშშ მოხარულია, საქართველოს გადასცეს სიცოცხლის გადამრჩენელი ვაქცინა, როგორც ნაწილი აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისა.

„აშშ-მა მხარი დაუჭირა ძალისხმევას საქართველოში მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის კუთხით პანდემიის დასაწყისიდანვე და ახლა ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რასაც შეუძლია, ნამდვილად შეებრძოლოს გლობალურ პანდემიას, ეს გახლავთ უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა.

500 ათასი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა დაემატება იმ 9 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დახმარებას, რაც აშშ-მა გაუწია საქართველოს პანდემიის გავლენის შესამსუბუქებლად. მათ შორისაა 3 განსაკუთრებით დაბალ ტემპერატურაზე მომუშავე მაცივრის გადაცემა, ასევე ჟანგბადის გამომმუშავებელი აღჭურვილობის გადაცემა თბილისის ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის, რომელიც უზრუნველყოფს 300 პაციენტისთვის საჭირო რაოდენობის მაღალი ხარისხის ჟანგბადის მიწოდებას“, – განაცხადა ელჩმა დეგნანმა.

მან მოუწოდა ყველას, ვისაც ეკუთვნის ვაქცინაცია საქართველოში, ისარგებლოს ამ შემთხვევით და აიცრას რაც შეიძლება სწრაფად, რადგან ეს არის საუკეთესო გზა ჯანმრთელობის დასაცავად და ერთადერთი გზა ეკონომიკის აღდგენისთვის.

„მე უკვე გავიკეთე „ფაიზერის“ ორი დოზა, ასევე საელჩოს გუნდის უმეტესმა ნაწილმა. ასე, რომ მე გირჩევთ და მოგიწოდებთ, აიცრათ“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კელი დეგნანს მადლობა გადაუხადა მთავრობისა და ხალხის სახელით.

„მე მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკის პრეზიდენტს, ბატონ ჯო ბაიდენს, ამერიკის მთავრობას და ამერიკელ ხალხს ამ დახმარებისთვის. ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერი“ დღეს საქართველოშია. კიდევ ერთხელ მადლობა ამ დახმარებისთვის. ჩვენ ახლა აქტიურად უნდა დავიწყოთ ვაქცინაციის პროცესი. ჩვენ გვაქვს სრული მზაობა, რომ მოსახლეობაში დავიწყოთ აქტიური კომუნიკაცია, აქტიური კამპანია. აუცილებელი არის, რომ ვაქცინაციის პროცესი გაფართოვდეს და ჩვენ ამისთვის სრული მზაობა გვაქვს. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ამერიკის მთავრობას გადავუხადო მადლობა იმ დახმარებისთვის, რომელიც ამერიკამ გაუწია საქართველოს კოვიდ პანდემიის მართვის დროს და მის შემდეგ და ახლა უკვე კონკრეტული დახმარებისთვის - „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდებისთვის.

ამას გარდა, ჩვენ ერთი მილიონი დოზა „ფაიზერი“ გვაქვს შესყიდული უშუალოდ მომწოდებელთან, „ფაიზერის“ კომპანიისგან ვიყიდეთ ერთი მილიონი დოზა, რომელიც ძალიან მალე ჩამოვა საქართველოში, ამის მოწოდებაც დაიწყო.

კიდევ ერთხელ, მინდა ჩვენს მოსახლეობას მივმართო თხოვნით, რომ ყველა ჩავერთოთ ამ კამპანიაში და ყველამ ავიცრათ, დავიცვათ ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი ჯანმრთელობა, ჩვენი მეგობრების, მშობლების, ახლობლების, ოჯახის წევრების ჯანმრთელობა. მადლობა ჯო ბაიდენს, მადლობა ამერიკას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]