სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გ.გ.-მ მიმდინარე წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, თბილისში, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლას, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნას და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
ამ დრომდე, „სირცხვილიას“ ოფისში ლექსო ლაშქარავას და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას მიმართ ძალადობისთვის 5 პირი იყო დაკავებული. ლაშქარავა საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, 11 ივლისს, საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. მისი სიკვდილის უშუალო მიზეზი ამ დროისთვის დადგენილი არ არის.
5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, პოლიციამ სულ 29 პირი დააკავა, საიდანაც:
- ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე დაკავებულია 25 პირი;
- „თბილისი პრაიდის“ ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი;
- მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დაკავებულია 1 პირი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არავინ დაუკავებია ძალადობის ორგანიზების ან ძალადობისკენ მოწოდებისთვის.
„დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები“, – აღნიშნავენ შსს-ში.