„რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა გარკვეული მოლოდინი იმის თაობაზე, რომ „ფაიზერზე“ ვაქცინაცია ძალიან აქტიური იქნებოდა, რადგან მოქალაქეების ნაწილმა თავიდანვე გამოაცხადა თავისი არჩევანი. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საიტის მუშაობა გადაყვანილია ახალ რეჟიმზე, რომელიც ითვალისწინებს შეყვანილი მონაცემების ვალიდაციისთვის 24-საათიან პერიოდს. ამდენად, მოქალაქე, როდესაც დარეგისტრირდება საიტზე, ის მიიღებს დასტურს, რომ მისი მონაცემები მიღებულია და მომდევნო 24 საათის განმავლობაში მიიღებს საბოლოო დასტურს რეგისტრაციის შესახებ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, „ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის მომზადებულია 37 დაწესებულება და მობილიზებულია 110 ბრიგადა.
„ფაიზერის“ პირველ დოზაზე რეგისტრაცია დღეს, 24 ივლისიდან 12:00 საათიდან დაიწყო. აცრისთვის ვიზიტის დაჯავშნა ელექტრონულ პორტალზე – Booking.moh.gov.ge ხდება. „კოვიდ 19“-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მიღება ასევე შესაძლებელია ნომერზე – 15 22.
„ფაიზერის“ ვაქცინის 500 ათასი დოზა, რომელიც საქართველოს აშშ-ის მთავრობამ საჩუქრად გადმოსცა, ქვეყანაში წუხელ შემოვიდა. ეს რაოდენობა 250 ათასი ადამიანის ასაცრელად არის საკმარისი. ვაქცინაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებისთვის არის შესაძლებელი. „ფაიზერის“ ვაქცინაციისთვის საჭირო ორი დოზა 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.