weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

ქვეყანა ახალ ჩაკეტვებს ვეღარ გაუძლებს, შეზღუდვები არ იქნება გამართლებული – ღარიბაშვილი

12:24 ორშაბათი, 26 ივლისი 2021

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება გააკეთა გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო ახალი შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით და თქვა, რომ არც ე.წ. ლოქდაუნი და არც შეზღუდვები გამართლებული არ იქნება.

ღარიბაშვილის თქმით, რამდენიმე თვეა ეკონომიკა იზრდება, ქვეყნის ჩაკეტვა კი ამ პროცესს დააზიანებს.

„ბოლო დროს ბევრი საუბარია და კითხვებიც დაისვა, ხომ არ მოხდება ჩაკეტვა და ა.შ. მე მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ავირჩიეთ სხვა გზა. ეს არის მართვის გზა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეფექტიანად ვმართოთ ეს ეპიდემია. ჩვენი ქვეყანა, რა თქმა უნდა, ვეღარ გაუძლებს ახალ ჩაკეტვებს, არც ლოქდაუნი, არც ეს შეზღუდვები არ იქნება გამართლებული. უფრო მეტიც, ეს იქნება უფრო დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, გამოიწვევს იმას, რომ ვალის სახით დამატებით უნდა ავიღოთ რამდენიმე მილიარდი დოლარი თუ ლარი, რაც შემდეგ გახდება ჩვენი მოქალაქეების გადასახდელი. ამიტომ მეგობრებო და ძვირფასო მოქალაქენო, ეს რომ არ განმეორდეს და ამის გაკეთება რომ არ მოგვიწიოს, ყველას გთხოვთ, რომ ჩავიტაროთ ვაქცინაცია, რომელიც არის უსაფრთხო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც ღარიბაშვილი ამბობს, ბოლო ორ კვირაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა „უპასუხისმგებლო აქციებს“ უკავშირდება. პრემიერს არ დაუკონკრეტებია, რომელ აქციებს გულისხმობს, თუმცა ამ პერიოდში, თბილისში საპროტესტო აქციები ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო იმართებოდა. აქციის მონაწილეები და მისი ორგანიზატორი მედიასაშუალებები ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვდნენ.

„ბოლო ორ კვირაში ინფიცირებულთა რაოდენობის პრაქტიკულად გაორმაგება მოხდა. აქვე მინდა აღვნიშნო, სავსებით სამართლიანად, რომ უპასუხისმგებლო რამდენიმედღიანი აქციების შედეგიც არის პირდაპირ ის, რაც მოხდა. ამ აქციების შემდეგ მოხდა პრაქტიკულად ინფიცირების რაოდენობის გაორმაგება.

კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, რომ გამოვიჩინოთ ზედმეტი ყურადღება, სიფრთხილე, ზოგადად პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენს აქტივობას - იქნება ეს ნებისმიერი შეკრება თუ ხალხმრავალი შეკრებები“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 1264 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 676 თბილისშია, 224 კი აჭარაში. დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 26 ადამიანი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 23 530 აქტიური, მიმდინარე შემთხვევაა. აქედან 5247 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]