weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კანონპროექტის მიხედვით, 2022 წლის მარტიდან მოპედის რეგისტრაცია სავალდებულო გახდება

23:14 ორშაბათი, 26 ივლისი 2021

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, 2022 წლის პირველი მარტიდან მოპედის რეგისტრაცია სავალდებულო გახდება. საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.

დარახველიძის თქმით, დღეს მოპედი სამართლებრივად ისევე რეგულირდება, როგორც ველოსიპედი, მომავალში კი მასზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისთვის არსებული რეგულაციები გავრცელდება.

„დღეს, ჩვენი კანონმდებლობით, მოპედის რეგისტრაცია არ ხდება, არც ნომერი გააჩნია. მოპედების მართვისთვის არ არის საჭირო სპეციალური მართვის მოწმობა, შესაბამისად, ნებისმიერი პირს შეუძლია შეიძინოს და მართოს. მასზე მხოლოდ რამდენიმე რეგულაცია ვრცელდება. ეს ძირითადად დაკავშირებულია ჩაფხუტის ტარებასთან, ასევე, დაკავშირებულია იმასთან, რომ მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში არ უნდა მართავდეს მოპედს. მოპედებთან მიმართებაში სხვა ტიპის რეგულაციები არ გვხვდება კანონმდებლობაში.

ცვლილებების თანახმად, 2022 წლის მარტიდან სავალდებულო გახდება რეგისტრაცია (მანამდე ეს ნებაყოფლობითი იქნება), რაც გულისხმობს იმას, რომ უნდა მოხდეს მოპედის დათვალიერება, შესაბამისი პასპორტის და ნომრის გაცემა, ხოლო იმ ადამიანს, რომელსაც სურს მართოს მოპედი, მოუწევს მართვის მოწმობის აღება“, – თქვა დარახველიძემ.

მისივე განცხადებით, დაემატება ახალი კატეგორია AM, რომელიც მართვის მოწმობაში მიეთითება: „თუ ადამიანს აქვს სხვა მართვის მოწმობა, ნებისმიერი კატეგორია, ენიჭება მოპედის მართვის უფლებამოსილება.

AM კატეგორიაში გავა ყველა ის მოპედი, რომელიც დღეს მოძრაობს. გარდა ამისა, ემატება A2 კატეგორია ეს არის საშუალო სიმძლავრის მოტოციკლები. დღეს ეს გადის A კატეგორიაში.

მოპედების ტარების უფლება ექნებათ იმ პირებს, რომელთაც შეუსრულდათ 16 წელი, ჩააბარებენ შესაბამის გამოცდას და აიღებენ მართვის მოწმობას, ხოლო რაც შეეხება A2 კატეგორიას, 18 წლიდან შესაძლებელი იქნება საშუალო სიმძლავრის მოტოციკლის მართვა“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ცვლილებების მიღების შემთხვევაში, სავალდებულო იქნება მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ პირობებში ჩაბარება.

„ეს გულისხმობს ქალაქში გამოცდის ჩაბარებას. აღნიშნული ცვლილების განხორციელების შემდგომ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ და ექნებათ ქართული მართვის მოწმობა, გაუჩნდებათ შესაძლებლობა, რომ ქართული მართვის მოწმობის გადაცვლა მოხდეს ევროპულ მართვის მოწმობაში.

თეორიულ გამოცდასთან, დახურულ მოედანზე გამოცდის ჩაბარებასთან ერთად, მართვის მოწმობის აღების მსურველს მოუწევს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ მარშრუტზე რეალურ პირობებში გამოცდის ჩაბარება. მოხდება გამოცდის ჩაწერა და აუდიო-ვიდეო გადაღება. გარდა ამისა, დღეს 18 წლამდე პირებს მართვის მოწმობის აღების უფლება აქვთ, თუმცა ეკრძალებათ შრომით საქმიანობაში ჩართვა. წარმოდგენილი კანონპროექტით ეს შეზღუდვა იხსნება და მათ ექნებათ კურიერად თუ მძღოლად მუშაობის შესაძლებლობა“, – განაცხადა დარახველიძემ.

საკანონმდებლო ცვლილებების პროექტით განისაზღვრება მართვის მოწმობის აღების საფასურიც.

„ვინაიდან დაემატა პრაქტიკული გამოცდის ახალი კომპონენტი, განისაზღვრა, რომ B და BE კატეგორიისთვის იქნება 90-ლარიანი გადასახადი, თუმცა დანარჩენი გადასახდელები, რაც დაკავშირებულია თეორიულ გამოცდასთან და დახურულ მოედანზე გამოცდის ჩაბარებასთან, არ იზრდება და 40 ლარს გადახდის სანაცვლოდ შესაძლებელი იქნება თეორიული გამოცდის გავლა. მსურველს 5-ჯერ ექნება დახურულ მოედანზე გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა. რაც შეეხება ყველა სხვა კატეგორიას, რეალურ ანუ ქალაქის პირობებში გამოცდის ჩაბარებისთვის წესდება გადასახდელი 150 ლარის ოდენობით და თუ მსურველი ვერ ჩააბარებს გამოცდას, მას ერთ წლის განმავლობაში უფლება ექნება გამოცდაზე განმეორებით გავიდეს“, – აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.

შს მინისტრის მოადგილის თქმით, სოციალურად დაუცველი პირები, რომლებიც გამოცდაზე პირველად გავლენ, 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ, ხოლო 18 წლამდე ასაკის პირები პირველ ჯერზე მთლიანად გათავისუფლდებიან მართვის მოწმობის გამოცდის საფასურის გადახდისგან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]