მისივე თქმით, წყალტუბო-ლენტეხი-ლასდილის გზის დაახლოებით 70-კილომეტრიანი მონაკვეთი წყალმა წაიღო და ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეუძლებელია.
„სტიქია გვაქვს, წვიმს. დაზიანებულია გზები, ხიდები, მთლიანად მწყობრიდან არის გამოსული ცენტრალური გზა წყალტუბო-ლენტეხი-ლასდილის მიმართულებით - წაღებულია გზის დახლოებით 70-მეტრიანი მონაკვეთი, ამ გზაზე არსებული ხიდი. გარე სამყაროს მოწვეტილია ოთხი თემი, მათ შორის, ჩოლურის, ჩიხარეშის და ჟახუნდრის თემები. გარდა ამისა, მდინარე ხელედულა გადმოვიდა და დააზიანა გზები და ხიდები. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ გზები და ხიდები მთლიანად წყობიდან არის გამოსული“, – ამბობს ბადრი ლიპარტელიანი.
მისივე თქმით, ლენტეხში პერიოდულად ძლიერად წვიმს, რის გამოც გზის აღდგენითი სამუშაოები გართულებულია.
„ვეცდებით, რომ დღის ბოლომდე გზა აღვადგინოთ, რათა მოსახლეობასთან კავშირი დავამყაროთ. შიდა სასოფლო გზებზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ამ გზას საგზაო დეპარტამენტი ალბათ დღის ბოლომდე აღადგენს“, – უთხრა „რეგინფოს“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზე, სოფელ საყდართან ადიდებულმა მდინარემ დააზიანა ხიდი და საავტომობილო გზა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
გარდა ამისა, ძლიერი წვიმის გამო ადიდებულმა მდინარე ენგურმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 165-ე კილომეტრზე (კალა-იფარი) რკინა-ბეტონის ხიდს გამოურეცხა მარცხენა ბურჯის საყრდენი. აღნიშნულ მონაკვეთზეც ყველა სახის ავტოტრანპსორტის მოძრაობა აიკრძალა.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტი აცხადებს, სპეციალისტები ადგილზე სწავლობენ ვითარებას და ამუშავებენ გეგმას როგორც სტიქიის სალიკვიდაციო, ისე გაწმენდითი სამუშაოების დასაწყებად, რათა საავტომობილო მომისვლა უმოკლეს ვადებში აღდგეს.