იმნაძის თქმით, ანტივაქსერები ყველგან არიან, თუმცა მათზე საშიშები ისინი არიან, ვინც ვაქცინებს ერთმანეთისგან არჩევს: „ანტივაქსერი მსოფლიოში ყველგან არის. ნახეთ, რამხელა დემონსტრაცია მოაწყვეს ანტივაქსერებმა საფრანგეთში, ასეთი ხალხი ყველგან არის. მათზე საშიში არის ის, ვინც ვაქცინებს ერთმანეთისგან არჩევს. ისინი უფრო დიდი ინფლუენსერები არიან, ვიდრე ესენი“.
პაატა იმნაძის თქმით, ეპიდემიოლოგიურ ვითარებას რომ დაეტყოს, საჭიროა, მოსახლეობის 30% მაინც აიცრას. მისივე შეფასებით, ჯერჯერობით ეპიდსიტუაცია ისევე ვითარდება, როგორც არააცრილ პოპულაციაში.
„მაგრამ ინდივიდუალური დაცვა გარანტირებულია მათთვის, ვინც უკვე აცრილია. დიდი ხანია ქვეყანაში აცრა შესაძლებელია. მესმის, ზოგი ერთ ვაქცინას ელოდებოდა... ახლა ყველაფერია - ვინც რას ელოდებოდა, ყველა ვაქცინაა. ამიტომ ინდივიდუალური დაცვა, თუ ადამიანს არ უნდა მძიმედ წაუვიდეს დაავადება, ეს შესაძლებელია“, – აღნიშნა იმნაძემ.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ვაქცინაციის ეროვნული გეგმა წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის (1 691 214 ადამიანი) აცრას ითვალისწინებს. დღეის მონაცემებით, ჯამურად 418 398 აცრაა ჩატარებული. სრულად (ორივე დოზით) ვაქცინირებულია 142 254 ადამიანი, რაც სამიზნე ჯგუფის მხოლოდ 8.4%-ია.