„7 წელია რაც უპატრონო ძაღლებს ვუვლი. ერთი ასაკოვანი ძაღლი გვყავს. გვიან საღამოს რომ მოვიკითხე, სახლში არ იყო. დედამ მითხრა, გარეთ კვადროციკლებით დარბიან და ვინმემ არ დაარტყას, ნახე და შემოიყვანეო. როცა გავედი, ვნახე, რომ სკვერში იყო. სახლში მომყავდა, ვამხნევებდი რომ გამომყოლოდა. 17 წლის არის და სიარული უჭირს. ვიღაც ახალგაზრდა ბიჭმა გინება დამიწყო. მოვუწოდე, რომ გინება შეეწყვიტა და გზა გავაგრძელე. უფრო გაღიზიანდა. უცენზურო სიტყვებით ხმამაღლა მაგინებდა. რას დასდევ ამ ძაღლებს, მეტი საქმე არ გაქვსო და გინებას აგრძელებდა. პასუხი რომ გავეცი, მომვარდა და სახეში, თავში, ხელებში ცემა დამიწყო. სისხლი რომ წამსკდა, მერე შემეშვა. ჩემი 11 წლის შვილიც იქ იყო და ის მივარდა, დედას ხელი გაუშვიო“, – ამბობს მატილდა მირზოევა.
ახალგაზრდა სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის თბილისიდან სიღნაღში ნათესავებთან დასასვენებლად იმყოფება.
პოლიციამ მომხდარის მოკვლევა უკვე დაიწყო. „დღეს, ჩემთან სიღნაღის გამგეობიდან მოვიდნენ და მითხრეს, ისე ნუ იზამ, რომ საქმე ძალიან გაართულოო. რაღა უნდა გავართულო. მიუსაფარ ძაღლებს თვითონ ვერ უვლიან, მე ვუვლი უანგაროდ, საკუთარი ხარჯებით, უამრავი ძაღლი გადავარჩინე სიკვდილს, ამის გამო მცემეს და ხმაც არ უნდა ამოვიღო“, – აღნიშნავს მატილდა მირზოევა.