გაბუნიას თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით პედაგოგიურ პერსონალს ექნება განსაკუთრებული ხელშეწყობა იმისთვის, რომ მათი ვაქცინაცია, მათივე გადაწყვეტილებითა და სურვილის საფუძველზე, შეუფერხებლად მოხდეს.
„ყველა ამცრელ დაწესებულებას ექნება ე.წ. ვირტუალური კაბინეტი, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, თუ ის დარეგისტრირებული არ არის და უნდა, რომ აიცრას, დარეგისტრირდეს ადგილზე.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, შევხვდეთ ახალ სასწავლო წელს უსაფრთხო სასკოლო გარემოში. ამდენად, სკოლის პერსონალის ვაქცინაციის ხელშეწყობა იქნება მნიშვნელოვანი. ამ სივრცეში [სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში] მოეწყობა ერთი ცალკე სივრცე პედაგოგიური პერსონალისთვის, რომელთაც შეუძლიათ, რეგისტრაციის გარეშე მობრძანდნენ და ჩაიტარონ ვაქცინაცია მათთვის სასურველ დროს. როგორც აქ, ასევე სხვა დაწესებულებებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, პედაგოგიურ პერსონალს ექნება განსაკუთრებული ხელშეწყობა, რათა მათი ვაქცინაცია მათი ნებით მოხდეს შეუფერხებლად“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
აცრისთვის ჯავშნის გაკეთება შესაძლებელია ვებ-გვერდზე Booking.moh.gov.ge ან ნომერზე 1522 ან 144-3 დარეკვით. „ფაიზერის“ გარდა, ხელმისაწვდომია „ასტრაზენეკას“, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინები.