„ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, „შუამთობის“ ღონისძიება არ გაიმართება!“, – წერია თორნიკე რიჟვაძის ოფიციალურ Facebook გვერდზე.
„შუამთობა“ ტრადიციული დღესასწაულია, რომელიც ყოველწლიურად, აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას იმართება. ამ დღეს მთაში მყოფ მოიალაღეებს ნათესავები სტუმრობენ, იმართება კონცერტი და სხვადასხვა სპორტულ-გასართობი ღონისძიებები. „შუამთობის“ ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება ახალდაქორწინებულთა დაწინდვა-დალოცვის ცერემონიაა.
პანდემიის გამო „შუამთობა“ გასულ წელსაც არ გაიმართა.
ბოლო კვირებია, საქართველოში ეპიდემიური მდგომარეობა უარესდება. დღეს კორონავირუსის 3196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 27 ადამიანი კი გარდაიცვალა. ინფიცირების ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისში, აჭარაში, იმერეთსა და კახეთში ფიქსირდება. დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის 31 295 მიმდინარე შემთხვევაა, საიდანაც 5651 ინფიცირებული საავადმყოფოში გადის მკურნალობას. 1109 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, 31 ივლისის მონაცემებით, საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 157 754 ადამიანი, რაც სამიზნე ზრდასრული მოსახლეობის 9.3%-ია. ვაქცინაციის ეროვნული გეგმა წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის (1 691 214 ადამიანი) აცრას ითვალისწინებს.