„აღნიშნული დეზინფორმაცია ემსახურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და უნდობლობის გაღვივებას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ.
საინფორმაციო ომის ფარგლებში, კონკრეტული მედიასაშუალება მიმართავს ყველა ხერხს იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოიყენოს და საზოგადოება მეტად პოლარიზებული გახადოს.
სამწუხაროდ, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების ცალკეული წარმომადგენლები, ნებსით თუ უნებლიეთ, ხდებიან ამ პროვოკაციული და სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი დეზინფორმაციული კამპანიის მონაწილეები“, – აცხადებენ სუს-ში და განმარტავენ, რომ სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კონსტიტუციისა და სამართლის ნორმების სრული დაცვით.
„მთავარი არხის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გუშინ, პირველ აგვისტოს, გადაცემაში „მთავარი აქცენტები“ გაასაჯაროვა მასალები, რომლებიც, მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დოკუმენტებია და პოლიტიკოსების, მაღალი საჯარო თანამდებობის პირების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესმენების, სასულიერო პირების და ჟურნალისტების ფარულ მოსმენებსა და თვალთვალს ასახავს. ძირითადად საუბარია პირადი ცხოვრების დეტალებზე. ნიკა გვარამიამ მხოლოდ რამდენიმე კონკრეტული სახელი და გვარი (მაგალითად, გურამ ფალავანდიშვილი, სალომე ზურაბიშვილი, გიორგი ვოლსკი, ვიქტორ ჯაფარიძე, გოგა ხაინდრავა, თეა წულუკიანი, გიორგი მშვენიერაძე, გურო იმნაძე და ა.შ.) დაასახელა, დანარჩენი პირების შემთხვევაში კი ინიციალები თქვა.
გამომძიებელი ჟურნალისტმა გიორგი მგელაძემ და „ფორმულას“ ჟურნალისტმა ნინო გელაშვილმა დაადასტურეს, რომ სატელეფონო საუბრები მათსა და ოფიციალურ პირებს შორის გასული წლის ზაფხულში ნამდვილად შედგა. არსამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც თქვეს, რომ ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება და მათ ნამდვილად ჰქონდათ იმ შინაარსის სატელეფონო საუბრები, რაც „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა გააჟღერა.