weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

გუდაურში გარემოვაჭრეებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს

15:18 ოთხშაბათი, 04 აგვისტო 2021

მთიულებს და მოხევეებს, რომლებიც გუდაურის „გადმოსახედთან“ ვაჭრობენ, პროტესტის ნიშნად ცენტრალური გზა ჰქონდათ გადაკეტილი. მათი ინფორმაციით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ის ტერიტორია, სადაც დახლები აქვთ განთავსებული, იჯარით გადასცა კერძო პირს, მოიჯარე კი რეაბილიტაციის სამუშაოების დაწყებას აპირებს და მოვაჭრეებს იქაურობის დატოვებას სთხოვს.

ამ დროისთვის გზა უკვე გახსნილია. ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატის, პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, შალვა კერესელიძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რატომ გადაწყდა ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების დაწყება ახლა, ტურისტული სეზონის დროს, როდესაც პანდემიით დაზარალებულ ადგილობრივებს შემოსავლის მიღების საშუალება გაუჩნდათ.

როგორც „რეგინფოს“ შალვა კერესელიძემ უთხრა, დღეს ყაზბეგში მიდიოდა და საპროტესტო აქციაზე შემთხვევით აღმოჩნდა.

„გავესაუბრე ადგილობრივ მოსახლეობას. როგორც გარემოვაჭრეები ამბობენ, იჯარის ხელშეკრულებაში არ არის გათვალისწინებული მათი ინტერესები. მათი თქმით, მათთან მივიდა მოიჯარე და უთხრა: წაიღეთ თქვენი დახლები, წაიღეთ თქვენი პროდუქცია თუ არადა, გადაგიყრითო, მერე ვნახოთ, როცა სამუშაოები დამთავრდება, მე ვისაც მინდა, იმას მივაქირავებო.

ძალიან კარგია, რომ უნდა კეთილმოეწყოს, გალამაზდეს, ეს საჭირო და აუცილებელია, მაგრამ ამ შემთხვევაში თვე-ნახევარი არაფერს წყვეტს. ტურტისტული სეზონი ისედაც არ არის აქტიური, მეტნაკლებად ამოძრავდნენ ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტები და ასეთ დროს რომ მიდიხარ და ადამიანებს ეუბნები, ახლა აქ მშენებლობა უნდა დავიწყოთ და თქვენ წადით სახლშიო, არ არის სწორი. ამიტომ ადგილობრივებსაც და მუნიციპალიტეტის მერსაც ვუთხარი, რომ თვე-ნახევარი მოიცადონ და სადღაც სექტემბრის ბოლოს, როცა ტურისტული სეზონი აქტიური აღარ იქნება, მაშინ დაიწყონ ინფრასტრუქტურის მოწყობა. გარდა ამისა, ხელშეკრულებაში (თუ ასეთი ჩანაწერი ნამდვილად არ არის) უნდა შევიდეს ცვლილება, რომ შემდეგ, ამ კომერციული სივრცეების (ჯიხურების, დახლების) იჯარით გაცემისას, პრიორიტეტი მიენიჭოთ ადგილობრივებს“, – განაცხადა შალვა კერესელიძემ „რეგინფოსთან“.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერთან, ალექსანდრე ზაგაშვილთან დაკავშირება არაერთხელ ვცადეთ, თუმცა, სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. მისი კომენტარის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

აქციაზე მისვლამდე ზაგაშვილმა განცხადება „რადიო თავისუფლებასთან“ გააკეთა. როგორც ის ამბობს, გუდაურის „გადმოსახედთან“ თვითნებურად გახსნილი ბაზარია და „კატასტროფული ფასებია – ყავა ღირს 20 ლარი“. მერის თქმით, იგეგმება გარკვეული სამუშაოების ჩატარება – დახლების, პარკირების მოწყობა და ბიოტუალეტების დადგმა, რისთვისაც კვირა-ნახევარია საჭირო.

„განახლების შემდეგ იქ 60 დახლი შეიძლება ვერ დაიდგას, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ყველა დავაკმაყოფილოთ... საფასურს არ იხდიან, იყო ქაოსური მდგომარეობა. საჭიროა, დაიდოს მეიჯარესა და გამქირავებელს შორის დაიდოს ხელშეკრულება და აიღებენ ვალდებულებებს - დასუფთავების საკითხიც მოგვარდება და სხვა პრობლემებიც“, – თქვა ყაზბეგის მერმა „რადიო თავისუფლებასთან“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]