weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მუზეუმის შენობა უნდა აღდგეს, ამას რამდენიმე ათეული მილიონი დასჭირდება – წულუკიანი

16:05 პარასკევი, 06 აგვისტო 2021

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მუზეუმის შენობა უნდა აღდგეს და ამისთვის საჭირო თანხა მომავალი წლის ბიუჯეტში აისახება.

„მუზეუმის შენობა უნდა აღდგეს. ამას დასჭირდება რამდენიმე ათეული მილიონი ლარი. ჩვენ გვაქვს მთავრობის შიგნით დისკუსია ამის შესახებ და საბიუჯეტო ასიგნებებში გაისად ეს უკვე აისახება, მაგრამ სანამ თანხა აისახება, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი შრომა გასაწევი. კონსტრუქციული ნაწილი მნიშვნელოვანია, როგორ უნდა აღდგეს ეს შენობა, საჭიროა პროექტი. ამის თაობაზე უკვე მუშაობს ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს კონსტრუქტორი ბატონი გიგლა ჭანუყვაძე“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, სამინისტრომ ეკლესიასთან აწარმოა კონსულტაციები და მხარეები შეთანხმდნენ, რომ ექსპონატებმა დროებით უნდა დატოვონ ეს ავარიული შენობა, „სანამ უკან დაბრუნდებიან“.

„შეირჩა ორი სივრცე. ერთი გახლავთ ჯანაშიას მუზეუმის უკვე მომზადებული საცავი, ფონდსაცავი და საგამოფენო სივრცე, რომელიც, რა თქმა უნდა, მთელ მუზეუმს ვერ დაიტევს და დაიტევს მხოლოდ ნაწილს. მეორე სივრცე კი არის შალვა ამირანაშვილის მუზეუმის უკანა კორპუსი, რომელიც ამ ფონდებს სრულად დაიტევს.

ეს ორი ალტერნატივაა დროებითი სივრცეებისთვის, რომელზეც ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმსჯელებთ საპატრიარქოს წარმომადგენლებთან და ჩამოვყალიბდებით ისე, როგორც ეს ძეგლისთვის, ფასეულობებისთვის და ქვეყნისთვის იქნება საუკეთესო“, – განაცხადა კულტურის მინისტრმა.

საქართველოს ხელოვნების მუზეუმის შენობა 1830-იან წლებშია აგებული და იქ 39 000-მდე უნიკალური და უძველესი ექსპონატია დაცული. წულუკიანის 15 ივლისის ბრძანებით ამ ფონდების ევაკუაციის სამოქმედო გეგმა დამტკიცდა, რომელიც 5 აგვისტოდან 2022 წლის 5 თებერვლამდე პერიოდს მოიცავს.

კულტურის სამინისტრომ 22 ივლისს განაცხადა, რომ მათივე დაკვეთით ჩატარებული ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მუზეუმის შენობა უმძიმეს მდგომარეობაშია, რის გამოც მუზეუმის თანამშრომლების უსაფრთხო ადგილას გადაყვანა და იქ დაცული უნიკალური ფონდების ევაკუციაა საჭირო. სამინისტროს განაცხადა, რომ არ იგეგემება მიზეუმის შენობის დემონტაჟი, თუმცა ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით, აღნიშნა, რომ გუდიაშვილის ქუჩის გასწვრივ მდებარე შენობის ფლიგელის გამაგრება დაკავშირებული იქნება ძალიან დიდ ტექნიკურ სირთულეებთან და დანახარჯებთან და მისი გაძლიერება სავარაუდოდ არ იქნება რენტაბელური.

30 ივლისს ხელოვნების მუზეუმის მმართველი ეკა კიკნაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს და ლაბორანტის პოზიციაზე გადაიყვანეს. კიკნაძის თქმით, გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე ოფიციალური წერილით მოითხოვა ევაკუაციის გეგმის გაცნობა. მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) შეფასებით, ფონდების ევაკუაციისთვის ექვსი თვე არაადეკვატურია.

სამოქალაქო საზოგადოება მიიჩნევს, რომ მუზეუმის ირგვლივ განვითარებული მოვლენები გაუმჭვირვალეა. გუშინ ამასთან დაკავშირებით აქციაც გაიმართა, სადაც მოითხოვეს, რომ გასაჯაროვდეს სამუზეუმო ფონდების და ექსპონატების ევაკუაციის დეტალური გეგმა, ხოლო კულტურის სამინისტრომ უზრუნველყოს ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში საზოგადოების ჩართულობა და პროცესის გამჭვირვალობა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]