weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

მეუფის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოების გამო ნინოწმინდის პანსიონი 1000 ლარით დააჯარიმეს

12:04 ორშაბათი, 09 აგვისტო 2021

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ნინოწმინდის წმიდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი არასრულწლოვანი ბენეფიციარების ამსახველი აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროების გამო 1000 ლარით დააჯარიმა. საქმე ეხება 4 ივნისს Facebook-ის საშუალებით გავრცელებულ ვიდეოებს, რომელიც პანსიონის მაშინდელი დირექტორის, მეუფე სპირიდონის მითითებით გადაიღეს. სასულიერო პირი ბავშვებს ეკითხებოდა, უნდოდათ თუ არა პანსიონის დატოვება. კადრებში მტირალი გოგონაც ჩანდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა აღნიშნული მასალების გასაჯაროების კანონიერება შეისწავლა.

„ჩანაწერები სრულად იძლეოდა არასრულწლოვნების იდენტიფიცირების საშუალებას. კერძოდ, ჩანაწერებში საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო არასრულწლოვნების სხვადასხვა მონაცემები: სახელი, გვარი, ვიზუალური გამოსახულება, ხმა, ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, ინფორმაცია პანსიონის მზრუნველობის ქვეშ ბავშვის ყოფნისა და არსებული/სასურველი საცხოვრებელი ადგილ(ებ)ის შესახებ, მათი ახლო ნათესავების ვინაობა და ტელეფონის ნომრები.

აუდიო-ვიდეო ჩანაწერებმა, რომლებიც სოციალურ ქსელ Facebook-ში საჯაროდ დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში იყო განთავსებული, დააგროვა ათი ათასობით ნახვა, ასეულობით კომენტარი და ათასობით რეაქცია. ამავდროულად, სოციალური ქსელის ნებისმიერ მომხმარებელს ჰქონდა აუდიო-ვიდეო ჩანაწერებზე საკუთარი აზრის დაფიქსირების, ამ ჩანაწერების საკუთარ გვერდზე გაზიარებისა და გადაწერის შესაძლებლობა“, – განაცხადა სახელმწიფო ინსპექტორმა.

სახელმწიფო ინსპექტორმა გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ პანსიონის მიერ ბენეფიციარების მონაცემთა ამ ფორმით გასაჯაროება არღვევს არასრულწლოვანთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, ლახავს მათ ღირსებას და ქმნის არასრულწლოვანთა ჩაგვრის, ე.წ. „ბულინგის“ (მათ შორის კიბერბულინგის), დისკრიმინაციის, ონლაინადევნების, მსხვერპლად გახდომის, მათდამი არასათანადო მოპყრობისა და სხვის მიერ ბავშვების პერსონალური მონაცემების არაკანონიერი გამოყენების რეალურ საფრთხეს.

„ეს საფრთხეები კიდევ უფრო იზრდება ინფორმაციის სოციალური მედიით გასაჯაროებისას, რომლის საშუალებით ინფორმაციის გავრცელების მასშტაბები ძალიან დიდი და შეუქცევადია. 2021 წლის მაისი-ივნისის თვეებში პანსიონის გარშემო განვითარებული მოვლენებისა და იქ მცხოვრები ბენეფიციარების უფლებრივი მდგომარეობის მიმართ საზოგადოების დიდი ინტერესის მიუხედავად, არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების გასაჯაროებისას განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა იყო საჭირო. ზოგიერთ შემთხვევაში, საჯარო განცხადების სახით გასაჯაროებული (მათ შორის, პერსონალური მონაცემების შემცველი) ინფორმაცია შესაძლოა მიჩნეულ იქნეს ინტერესების დაცვის კანონიერ და პროპორციულ საშუალებად, თუმცა ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობა სხვა დანარჩენ ინტერესებთან შედარებით, აღიარებულია როგორც ეროვნული, ასევე, საერთაშორისო კანონმდებლობით. შესაბამისად,

პანსიონის წარმომადგენელს, რომლის პირდაპირ მოვალეობას წარმოადგენდა ბავშვების უფლებების დაცვა და განსაკუთრებული როლი ეკისრებოდა არასრულწლოვანთა საუბრებისა და პირადი შეხვედრების კონფიდენციალობის დაცვაში, უნდა შეეფასებინა ზემოაღნიშნული საფრთხეები“, – განაცხადა სახელმწიფო ინსპექტორმა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არასრულწლოვანთა მონაცემების (მათი ვინაობის, ვიზუალური გამოსახულების, ხმის, ემოციური მდგომარეობის, პანსიონის მზრუნველობის ქვეშ ბავშვის ყოფნისა და არსებული/სასურველი საცხოვრებელი ადგილ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის, ახლო ნათესავების ვინაობის, ტელეფონის ნომრების) შემცველი აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროება სახელმწიფო ინსპექტორმა არ მიიჩნია კანონიერი მიზნის მიღწევის აუცილებელ და პროპორციულ საშუალებად, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა პანსიონის ინტერესი - დაეცვა დაწესებულების რეპუტაცია.

სახელმწიფო ინსპექტორის ცნობით, შემოწმების პროცესში პანსიონატმა მათთან არ ითანამშრომლა. კერძოდ, სამსახურს არ მოაწოდა მოთხოვნილი ინფორმაცია.

სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებით, პანსიონს არასრულწლოვანთა მონაცემების არაპროპორციული მოცულობით გასაჯაროებისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე და 53-ე მუხლების პირველი პუნქტების საფუძველზე, დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა - ჯარიმა, რაც 1000 ლარია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]