ჯანდაცვის მინისტრს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, იზიარებს თუ არა პოზიციას, რომ პედაგოგებისა და სამედიცინო სფეროებში დასაქმებულებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო იყოს, რაზეც მან უპასუხა:
„ამ ეტაპზე სავალდებულო ვაქცინაციაზე ჩვენ არ ვმსჯელობთ, თუმცა შეიძლება, დადგეს მომენტი, როდესაც ვაქცინაცია გარკვეული სეგმენტის წარმომადგენლებისთვის, როგორც სხვა ქვეყნებში, ასევე ჩვენთანაც დადგეს პრაქტიკად. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება ავირიდოთ მსგავსი მოთხოვნები და დავალებები სახელმწიფოს მხრიდან“.
10 აგვისტოს დილის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5697 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 54 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე, ქვეყანაში ინფიცირების 43 163 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 6552 ინფიცირებული საავადმყოფოში მკურნალობს.
რაც შეეხება ვაქცინაციის მაჩვენებელს, დღემდე საქართველოში 664 997 აცრაა ჩატარებული. სრულად (ორივე დოზით) ვაქცინირებულია 204 234 ადამიანი.