„კათოლიკოს-პატრიარქის აცრასთან დაკავშირებით პერიოდულად მიზანმიმართულად ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია, ამიტომაც მოკლედ შემდეგს ვიტყვი:
აიცრება თუ არა პატრიარქი, ეს განმსაზღვრელი არ შეიძლება იყოს სხვათათვის.
ვაქცინაციასთან მიმართებაში ამა თუ იმ სასულიერო პირის დადებითი თუ უარყოფითი დამოკიდებულებაც მაგალითის მიმცემი ვერ იქნება, რადგან ეს სამედიცინო სფეროს ნაწილია, ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება.
მიგვაჩნია რომ, მოსახლეობაში არსებული კითხვების შესაბამისად, საზოგადოებას სათანადო დარგის სპეციალისტებისაგან უნდა მიეწოდებოდეს ინფორმაცია, რათა ადამიანებს დაეხმარონ პიროვნული არჩევანის გაკეთებაში.
ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფილობითი და აცრის თუ აუცრელობის შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს დაძალება, ან ერთმანეთის განკითხვა-შეურაცხყოფა; ამასთან გასათვალისწინებელია, რომ პანდემიის პირობებში რეგულაციების დაცვა ყველასთვის აუცილებელია.
ამის შესახებ დადგენილება წმინდა სინოდმა ჯერ კიდევ 2021 წლის 11 თებერვლის სხდომაზე მიიღო, სადაც, ასევე, ნათქვამია: „საქართველოს ეკლესია დიდად აფასებს იმ სიკეთეს, რაც ზოგადად, მედიცინას მოაქვს ადამიანების ჯანმრთელობის დაცვისთვის, თუმცა პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა.“
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
11.08.2021“.
დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გუშინ კი 5697 ახალი შემთხვევა იყო. ბოლო ორ დღეში კორონავირუსით 102 ადამიანი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 45 832 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 6578 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. ამ ეტაპზე 1322 მძიმე პაციენტია, მათგან 302 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცმებით, დღემდე ქვეყანაში ჯამურად 688 940 აცრა ჩატარდა. სრულად (ორივე დოზით) ვაქცინირებულია 210 776 ადამიანი.
ჩვენს ქვეყანაში პანდემიის გავრცელების შემდეგ ვირუსს ჯამში 6230 ადამიანი ემსხვერპლა. ეპიდემიოლოგების განმარტებით, ვაქციანაცია ამცირებს დაინფიცირების, ავადობის და სიკვდილობის რისკს და პანდემიის შეჩერების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა.