„სამწუხაროდ, დღეს ვერ ვხედავ საკუთარ თავს ამ არხზე. ძალიან მიჭირს, მაგრამ უნდა გადავდგა ეს ნაბიჯი. ცვლილებების დროა! მადლობა მაყურებელს, რომელიც გადაცემა P.S.-ის მოულოდნელი გაუჩინარების გამო, წუხილს მიზიარებდა, მამხნევებდა და ჩვენი გუნდის ეთერში დაბრუნების იმედს გამოთქვამდა“, – წერს გურამ როგავა.
11 ივლისს, P.S.-ის პირდაპირ ეთერში გურამ როგავამ 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა – ხელისუფლება გააკრიტიკა და სოლიდარობა გამოუცხადა ტელეკომპანია „პირველს“ ოპერატორის, 5 ივლისს ჯგუფურად ნაცემი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო.
საგანგებო ეთერში გურამ როგავამ ფურცლები გადახია და თქვა: „წარმოიდგინეთ, რომ ეს საქართველოს კონსტიტუციაა. წარმოიდგინეთ, რომ მე ვარ პრემიერ-მინისტრი, რომელიც მწვანე შუქს უნთებს მოძალადეებს; მე ვარ ხელისუფლება, რომელიც ვერ იცავს კანონს; მე ვარ ოპოზიცია, რომელიც ღიად მხარდაჭერას ვერ გამოხატავს სუსტი ჯგუფების, უმცირესობების მიმართ - წინ არჩევნებია; მე ვარ რუსული, მოძალადე დაჯგუფების ლიდერი, რომელიც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას ძირს უთხრის; მე ვარ ის მოძღვარი, რომელიც მრევლს მოუწოდებს, რომ შვიდობიანი მოქალაქეები ჩაქოლონ. ეს მოხდა ორშაბათს - საქართველოს კონსტიტუცია თავზე გადაგვახიეს“.