weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი დაიხურა

13:38 ოთხშაბათი, 30 აგვისტო 2017

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯმა ავტორიზაცია ვერ გაიარა და დაიხურა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭომ ეს გადაწყვეტილება 29 აგვისტოს მიიღო. საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე გია მურღულია განმარტავს, რომ ავტორიზაციის შეჩერების მიზეზი სასწავლო პროგრამების, საკადრო და ინფრასტრუქტურის მიმართულებებით გამოვლენილი დარღვევები გახდა.

„სამივე მიმართულებით ძალიან სერიოზული პრობლემები გამოვლინდა. არიან მოსწავლეები, რომლებიც ამ სკოლაში სწავლობენ, მაგრამ ჟურნალში არ არიან რეგისტრირებულები. ასევე, არიან გარიცხული, სკოლიდან წასული მოსწავლეები, რომელთა შეფასება კვლავ გრძელდება. მოსწავლეთა რაოდენობა ჟურნალის სიის მიხედვით 476-ია, ხოლო განათლების სამინისტროს რეესტრში დარეგისტრირებულია 361 მოსწავლე, ანუ სკოლას რაც ოფიციალურად სახელმწიფოსთვის აქვს ნაჩვენები, იმაზე 115 ბავშვით მეტი სწავლობს სკოლაში. ეს არის კრიმინალი. ფიზიკას ასწავლიდა კაცი, რომელსაც ქართული არ ესმის და ასწავლიდა უცხოენოვანი სახელმძღვანელოთი. სკოლაში, სადაც დეკლალირებულია ქართულენოვანი სწავლება, ასეთი რამ დაუშვებელია. იყო შემთხვევები, როდესაც არაქართულენოვანი მოსწავლეების მიღება, ჩარიცხვა, მათთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შექმნა და გამოცდების ჩაბარება ხდებოდა ერთ დღეში. 87 ასეთი მოსწავლე დავთვალეთ, სკოლა ადასტურებს 42 შემთხვევას. მსგავსი დარღვევები არ შემხვედრია არცერთ სკოლაში თუ არ ჩავთვლით მონათესავე შაჰინის სკოლას, რომელსაც ასეთივე პრაქტიკა ჰქონდა“, - აღნიშნა გია მურღულიამ „რეგინფოსთან“ საუბარში.

მისივე თქმით, საბჭომ ხარისხის მართვის ცენტრს სკოლის დოკუმენტაციის შეფასების და პროკურატურისთვის გადაცემის თაობაზე მიმართა.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს დასკვნა 10 დღეში გამოქვეყნდება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ დემირელის სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები სხვა სკოლებში გადანაწილდებიან.

შეგახსნებთ, რომ 2017 წლის მაისში დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი თბილისში, თურქეთის მოთხოვნით დააკავეს. თურქეთის მტკიცებით, ჩაბუქს კავშირი აქვს ფეთჰულა გიულენთან დაკავშირებულ ორგანიზაცია - FETO-სთან, რომელსაც თურქული მხარე ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს და უკავშირებს 2016 წლის მაისში მომხდარ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას.

2017 წლის თებერვალში ავტორიზაცია გაუუქმდა შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმს, რომელიც ბათუმში 1994 წლიდან მუშაობდა. ავტორიზაციის გაუქმებას წინ უძღოდა თურქეთის გენერალური კონსულის, იასინ თემისქანის განცხადება იმის თაობაზე, რომ შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმი ტერორისტულ მიზნებს ემსახურება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]