weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ნუ აჰყვებით ცრუ და დამღუპველ ინფორმაციებს – ეპისკოპოსი მელქისედეკი „პფაიზერით“ აიცრა

19:13 ხუთშაბათი, 12 აგვისტო 2021

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) კორონავირუსის საწინააღმდეგო „პფაიზერის“ ვაქცინით აიცრა. მღვდელმთავრის თქმით, ახლახან ათონის მთაზე იმყოფებოდა, სადაც წინამძღვრები და იქ მოღვაწე ბერები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილები იყვნენ. ეპისკოპოსი მრევლს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„დიდი ხანია ვაქცინაციის შესახებ ჩემი აზრის თქვენთვის გაზიარება მსურდა, მაგრამ თავს უფლება ვერ მივეცი ეს მანამ გამეკეთებინა, სანამ თავად არ ავიცრებოდი. პირდაპირ უნდა ვთქვათ - ჩვენ დაუნდობელ ომში ვართ, რომლის დროსაც ვერაგი მტერი საშუალოდ 50 ქართველს გვიკლავს ყოველდღიურად - ჩვენს ძმებსა და დებს, ჩვენს სისხლსა და ხორცს.

თავად მეც მქონდა ეს დაავადება და მთელი ცხოვრება არ დამავიწყდება ის ურთულესი დღეები, რომლის გადატანაც მომიწია. სამწუხაროდ, ყველა ჩემსავით ვერ გადარჩა, მათ შორის საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, ჩემი უახლოესი მეგობარი, ეპისკოპოსი ლაზარე სამადბეგიშვილი.

როდესაც წმინდა სინოდის სხდომაზე ამ საკითხებზე ვმსჯელობდით, გარკვევით ვთქვით, რომ დაუშვებელია დაძალება მოხდეს რომელიმე მხარეზე და ეს ასეცაა.

 ჩვენი ვალდებულება ის კი არაა, რომ ვინმეს რაიმე დავაძალოთ, არამედ ის, რომ ძმური სიყვარულით, სამეცნიერო არგუმენტებითა და ავტორიტეტული წყაროების მოშველიებით მარტივ ენაზე ავუხსნათ ჩვენს თანამოქალაქეებს იმ სიტუაციის ავკარგიანობის შესახებ, რომელშიც ვიმყოფებით.

ამისთვის კი უპირველესად იმის გააზრება გვჭირდება, რომ თავისუფლება რაღაც აბსტრაქტული წარმონაქმნი კი არაა, რომელიც სხვადასხვა ბრუნვაში შეგვიძლია გამოვიყენოთ, არამედ დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც სხვა ადამიანთა - ღვთის ხატთა და მსგავსთა წინაშე გვაკისრია.

სულ ახლახანს ათონის მთაზე გახლდით, მოვილოცე იქაური მონასტრები, ვესაუბრე მათ წინამძღვრებსა და იქ მოღვაწე ბერებს, რომლებმაც დაადასტურეს სამედიცინო მიღწევებისადმი პატივისცემა და მითხრეს, რომ თავადაც აცრილები იყვნენ, რაც, ჩემი აზრით, ძალიან საყურადღებო ინფორმაციაა.

 ყურადღებით ვაკვირდებოდი ე.წ. ანტივაქსერთა კომენტარებს და გარდა მითებისა (რომ თითქოს ჩვენი დაჩიპვა უნდათ, ბლუთუზს დავიჭერთ და ა.შ.) ისინი იმ ხაზს მიჰყვებიან, რომ თუ აცრილიც ავადდება კოვიდით, რაღა საჭიროა მისი გაკეთება და რომ ისრაელში კია ბევრი აცრილი, მაგრამ მაინც მაღალი ციფრი ფიქსირდება ინფიცირების. დაკვირვებით გავეცანი ქართულ თუ უცხოურ სტატისტიკურ მონაცემებს, ვესაუბრე ამ სფეროს სპეციალისტებს (რომლებიც როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ წარმატებით მოღვაწეობენ) და ამ ყველაფერზე დაყრდნობით, მეც შემიძლია ვთქვა, რომ დიახ, ვაქცინაციის შემდეგაც კი შეიძლება კოვიდით დავავადდეთ, მაგრამ ვაქცინაცია მინიმუმამდე ამცირებს ამ დაავადების გართულების ფორმებს, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ დავზოგოთ რესურსები, დავეხმაროთ ჩვენს სამედიცინო პერსონალს და არ დავიკავოთ ჩვენი იმ თანამოქალაქის ადგილი, რომელსაც გადაუდებელი სტაციონარული მკურნალობა ესაჭირეობა.

იმავე ისრაელშიც კი დაფიქსირდა ინფიცირების მატება, თუმცა არა გარდაცვალების და ჩვენი მთავარი მიზანიც ხომ ესაა - დავიცვათ ადამიანისადმი ღვთივბოძებული სიცოცხლე და გავუფრთხილდეთ მას.

ეს კი უპირველესად პასუხისმგებლობის აღებაში გამოიხატება - ვაქცინაცია, სოციალური დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება და ჰიგიენა. სხვა იარაღი ამ ომში არ გვაქვს და მადლობა უფალს, რომ ეს საშუალებები მაინც არსებობს საბრძოლველად.

ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო,

გთხოვთ მოუხმეთ გონებას, ნუ აჰყვებით ცრუ და დამღუპველ ინფორმაციებს, გადაამოწმეთ ყოველი ცნობა, რომელსაც ამ დაავადების შესახებ მიიღებთ, დაიცავით თქვენი თავები და თქვენ გარშემო მყოფნი.

ბევრი განსაცდელი გადაგვიტანია და უფლის მადლით ამასაც გადავიტანთ, მთავარია არ დავკარგოთ ღვთის იმედი და გავიაზროთ ის პასუხისმგებლობა, რომელიც გვაკისრია".

ბოლო 1 კვირის მონაცემებით, საქართველო 100 000 მოსახლეზე კორონავირუსის გავრცელების შემთხვევებით, მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 5128 გამოვლინდა, საიდანაც 2236 შემთხვევა თბილისშია, რეგიონებიდან კი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარაშია, სადაც ვირუსი 811 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 49 ადამიანი. ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის 47 601 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 6627 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. ამ ეტაპზე 1355 მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 311 პირი. 12 აგვისტოს მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 715 919 აცრა, სრულად ვაქცინირებულია 218 167 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]