weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

წინანდალში მკვლელობის ბრალდებით ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური დააკავეს

23:39 სამშაბათი, 17 აგვისტო 2021
ფოტო არქივიდან ფოტო არქივიდან

თელავის რაიონის სოფელ წინანდლის ტყეში, გუშინ, 16 აგვისტოს, საღამოს მომხდარი მკვლელობის ბრალდებით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა, „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის ყოფილი წევრი, ახმეტის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური დააკავა. ამავე საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, დაკავებულია კიდევ ერთი პირი, 1977 წელს დაბადებული ჯაბა ჯანგირაშვილი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 16 აგვისტოს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი წინანდლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აღნიშნული დაპირისპირებისას, 1971 წელს დაბადებულმა ვასილ ცოცხალაშვილმა ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ჯანგირაშვილის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც ამავე დაპირისპირებაში მონაწილე, 1994 წელს დაბადებული ნიკა კენჭოშვილის მხრიდან, ასევე ცეცხლსასროლი იარაღიდან საპასუხო სროლა მოჰყვა.

ნიკა კენჭოშვილის მიერ განხორციელებული სროლის შედეგად, ოთხი პირი: 1971 წელს დაბადებული ვასილ ცოცხალაშვილი, 1976 წელს დაბადებული ზვიად ზვიადაური (ყოფილი დეპუტატის ძმა), 1975 წელს დაბადებული ზვიად მაისურაძე და 1991 წელს დაბადებული ანზორ შამრელაშვილი დაიჭრა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ვასილ ცოცხალაშვილი და ზვიად ზვიადაური შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ზვიად მაისურაძესა და ანზორ შამრელაშვილს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.

გამოძიებით ასევე დგინდება, რომ მომხდარი დაპირისპირებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა ბრალდებულის სახით დაკავებულმა ზურაბ ზვიადაურმაც, რა დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა 1994 წელს დაბადებული ნიკა კენჭოშვილი. 

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები - „სტეჩკინის“ ტიპის პისტოლეტი და „საიგას“ ტიპის ნახევრადავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

ზურაბ ზვიადაურს 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. დაკავებულების ადვოკატის მაგდა კოტრიკაძის თქმით, ზვიადაური და ჯანგირაშვილი დუმილის უფლებას იყენებენ. პროკურატურა მათ ბრალს ხვალ, 18 აგვისტოს წარუდგენს. 

ზურაბ ზვიადაური 2004 წლის ათენის ილიმპიური თამაშების ჩემპიონია. 2012-2016 წლებში ის პარლამენტის წევრი იყო, მაჟორიტარი დეპუტატის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ კი საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში დაასაქმეს.

ზურაბ ზვიადაურს და მის გარემოცვას სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი რამდენიმე საქმე უკავშირდება. 

2020 წლის 19 ივლისს, ზურაბ ზვიადაური ახმეტაში დაჭრეს. ინციდენტი ქალაქის ცენტრში, თამარის ქუჩა N 3-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მოხდა. ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, ზურაბ ზვიადაურსა და მასთან ერთად მყოფ პირს დაზიანებები, სავარაუდოდ, ახმეტაში მცხოვრებმა, 1986 წელს დაბადებულმა გიორგი ქისტაურმა მიაყენა. ეს ინფორმაცია „რეგინფოს“ ზვიადაურის და მასთან ერთად დაჭრილი დავითაშვილის ოჯახის წევრებმაც დაუდასტურეს.

ზვიადაურსა და ქისტაურს შორის კონფლიქტი 2012 წლიდანაა. ქისტაური, 2013 წლის 1 იანვარს, ახმეტაში, ზურაბ ზვიადაურის საცხოვრებელი სახლის დაცხრილვის ბრალდებით დააკავეს. შენობას 13 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. მაშინ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. პროკურატურამ ქისტაურს ბრალად ხულიგნობა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება წაუყენა. გიორგი ქისტაურმა სასჯელის ნაწილი მოიხადა, მერე კი ამნისტია შეეხო და პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა.

2014 წლის 21 ივნისს, მდინარე ილტოზე საბანაოდ მყოფ გიორგი ქისტაურს, ზურაბ ზვიადაურის ახლობლებმა სახე დაუსერეს. დაჭრილს სამედიცინო დახმარება საავადმყოფოში გაუწიეს, თუმცა პოლიციამ ამ ფაქტზე გამოძიებაც კი არ დაიწყო.

რამდენიმე დღის შემდეგ, შესაძლო შურისძიების თავიდან ასაცილებლად, სამართალდამცავებმა გიორგი ქისტაური 2009 წელს მომხდარი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. ქისტაური დანაშაულს არ აღიარებდა და მის დაკავებას ზვიადაურთან დაპირისპირებით ხსნიდა. პროკურატურამ ქისტაურს შეღავათები გაუკეთა და სასჯელად რამდენიმე თვით პატიმრობა მიუსაჯეს. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ქისტაურმა საქართველო დატოვა და უკრაინაში იმყოფებოდა.

 

ამ თემაზე:

თელავის სასამართლომ ზურაბ ზვიადაურს პატიმრობა შეუფარდა

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]