weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზვიადაური დანაშაულს არ აღიარებს - აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ვმოქმედებდი

12:54 ოთხშაბათი, 18 აგვისტო 2021

წინანდლის ტყეში 27 წლის ნიკა კენჭოშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პარლამენტის ყოფილი წევრის, ზურაბ ზვიადაურის ერთ-ერთი ადვოკატი კახაბერ ცნობილაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს და ის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. 

„ბატონი ზურაბი მოქმედებდა მართლზომიერად და თავდამსხმელი მართლსაწინააღმდეგოდ. 

ზვიადაურმა რაც გააკეთა, იძულებული იყო გაეკეთებინა, რათა საკუთარი და ძმის სიცოცხლე გადაერჩინა.

ზურაბ ზვიადაური თავდამსხმელს საერთოდ არ იცნობდა. იქ მისული იყო იმიტომ, რომ თავისი ძმა გამოეყვანა იქიდან, შარს აერიდებინა, მაგრამ ვერ მიუსწრო და ვერ შეძლო. დაუგვიანდა მისვლა იმიტომ, რომ თავდამსხმელი უკვე ისროდა ავტომატურ იარაღიდან. დღეს ველოდებით ბრალის წარდგენას. გავეცნობით საქმის მასალებს. ეს ინფორმაცია გვაქვს თავად ზურაბისგან და იმ პირებისგან, ვინც მომხდარს შეესწრო“, - უთხრა ადვოკატმა ჟურნალისტებს თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორში ზვიადაურთან შეხვედრის შემდეგ. 

თელავის რაიონის სოფელ წინანდლის ტყეში, ორმხრივი სროლა 16 აგვისტოს, საღამოს მოხდა. დაიღუპა 3 ადამიანი - ნიკა კენჭოშვილი, ზვიად ზვიადაური, ვასილ ცოცხალაშვილი; დაჭრილია 2 პირი - ზვიად მაისურაძე და ანზორ შამრელაშვილი; დაკავებულები არიან ზურაბ ზვიადაური და ჯაბა ჯანგირაშვილი. 

გარდაცვლილთაგან ზვიად ზვიადაური ზურაბ ზვიადაურის ძმაა. ვასილ ცოცხალაშვილი, ჯაბა ჯანგირაშვილი და ანზორ შამრელაშვილი ზვიადაურების მეგობრები არიან, ჯანგირაშვილს მათთან ნათესაური ურთიერთობაც აქვს. მეორე მხრიდან საქმეში ჯერ-ჯერობით მხოლოდ ნიკა კენჭოშვილი ფიგურირებს, რომლის ცხედარიც ჭიათურაში გუშინ გადაასვენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, 17 აგვისტოს გავრცელებული ოფიციალური განცხადების თანახმად, 16 აგვისტოს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი წინანდლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

აღნიშნული დაპირისპირებისას, 1971 წელს დაბადებულმა ვასილ ცოცხალაშვილმა ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ჯანგირაშვილის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც ამავე დაპირისპირებაში მონაწილე, 1994 წელს დაბადებული ნიკა კენჭოშვილის მხრიდან, ასევე ცეცხლსასროლი იარაღიდან საპასუხო სროლა მოჰყვა.

ნიკა კენჭოშვილის მიერ განხორციელებული სროლის შედეგად დაიჭრა ოთხი პირი: 1971 წელს დაბადებული ვასილ ცოცხალაშვილი, 1976 წელს დაბადებული ზვიად ზვიადაური (ყოფილი დეპუტატის ძმა), 1975 წელს დაბადებული ზვიად მაისურაძე და 1991 წელს დაბადებული ანზორ შამრელაშვილი.

მომხდარი დაპირისპირებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა ბრალდებულის სახით დაკავებულმა ზურაბ ზვიადაურმაც, რა დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა 1994 წელს დაბადებული ნიკა კენჭოშვილი. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები - „სტეჩკინის“ ტიპის პისტოლეტი და „საიგას“ ტიპის ნახევრადავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო“.

ზვიად ზვიადაური, ვასილ ცოცხალაშვილი და ნიკა კენჭოშვილი თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში სროლის შედეგად დაზიანებული ავტომობილით ზურაბ ზვიადაურმა მიიყვანა, თუმცა საავადმყოფოში შეყვანისას სამივე გარდაცვლილი იყო. ზურაბ ზვიადაური პოლიციას ჩაბარდა. მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს. გუშინ გავრცელებული განცხადებით, პოლიცია ზვიადაურს განზრახ მკვლელობას ედავება. შეცვლის თუ არა პროკურატურა დანაშაულის კვალიფიკაციას, დღეს გავიგებთ, როდესაც ზვიადაურს ბრალს წაუყენებენ. ამავე საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, დაკავებულია კიდევ ერთი პირი, 1977 წელს დაბადებული ჯაბა ჯანგირაშვილი.

სროლის შედეგად დაჭრილ ზვიად მაისურაძესა და ანზორ შამრელაშვილს სამედიცინო დახმარება ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკაში გაუწიეს. შამრელაშვილი კლინიკიდან უკვე გაწერეს. 

 

ამ თემაზე:

თელავის სასამართლომ ზურაბ ზვიადაურს პატიმრობა შეუფარდა

კონფლიქტის მიზეზად რამდენიმე ვერსია სახელდება. ერთი ვერსიით, წინანდალში, სასტუმრო „რედისონთან“ ახლოს ზვიადაურები ღვინის ქარხანას აშენებენ, მეზობლად მშენებარე ტურისტული ობიექტის მფლობელებთან ტერიტორიას ვერ იყოფენ, რის გამოც დაპირისპირება აქვთ. მეორე ვერსიით, ორივე ობიექტის მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს ჩხუბი მოუვიდათ, რა დროსაც ერთ-ერთმა მუშამ დახმარებისთვის ზვიად ზვიადაურს დაურეკა.

იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურამ ზურაბ ზვიადაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით წარუდგინა, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ზვიადაურს თერთმეტიდან თოთხმეტ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

აუცილებელი მოგერიების შემთხვევაში (სსკ-ის 28-ე მუხლი), თუ კი მისი ფარგლები გადამეტებული არ არის, პირი თავისუფლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან.

 

ამ თემაზე:

პროკურატურამ ზურაბ ზვიადაურს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]