პროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი სტუდენტები, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000-ზე ნაკლებია და სწავლობენ სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ, აკრედიტებულ, სახელმწიფო ან კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე.
წელს პირველად, დოქტორანტურის სტუდენტები თბილისის მერიისგან დაფინანსებას მიიღებენ. ახალი წესის შესაბამისად მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები სასწავლო გრანტის ფარგლებში 50%-დან 100%-მდე დაფინანსდებიან.
დაფინანსების მისაღებად სტუდენტმა მერიაში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- პირადობის მოწმობის ასლი;
- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან;
- ცნობა უნივერსიტეტიდან წლიური გადასახადის მითითებით;
- უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტები და ანგარიშფაქტურა;
- უნივერსიტეტის მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა); I სემესტრის სტუდენტებისათვის სავალდებულოა ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულებისა და შედეგების შესახებ ცნობა;
- რეკომენდაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა);
- სამოტივაციო წერილი.
2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დაფინანსებისთვის განცხადებების მიღება 24 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.