weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თელავის სასამართლომ ზურაბ ზვიადაურს პატიმრობა შეუფარდა

00:13 ხუთშაბათი, 19 აგვისტო 2021

თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე თამარ კაპანაძემ, 27 წლის ნიკა კენჭოშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ პარლამენტის ყოფილს წევრსა და ოლიმპიურ ჩემპიონს ზურაბ ზვიადაურს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 8 ოქტომბერს გაიმართება.

„საქმეში შეკრებილი მტკიცებულებები საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ ზურაბ ზვიადაურმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. წინანდალში, ე.წ. მუხიანის ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა შეიარაღებული დაპირისპირება, რა დროსაც ზურაბ ზვიადაურმა „სტეჩკინის“ მოდელის პისტოლეტიდან, დამიზნებით, რამდენჯერმე ესროლა ნიკა კენჭოშვილს, რომელიც გარდაიცვალა. დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებულის ქცევა, დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ზურაბ ზვიადაურის თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

დადგენილია, რომ იგი ფლობს მასზე რეგისტრირებულ რამდენიმე სახის ცეცხლსასროლ იარაღს, აქვს მათი ტარების უფლება, რაც თავის მხრივ წარმოადგენს მომეტებულ საფრთხეს.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მისი იარაღიდან გასროლით გარდაცვლილი ნიკა კენჭოშვილის გვერდით იყვნენ ბრალდებულის მხარესთან დაპირისპირებული პირები, შესაძლებელია გაგრძელდეს აღნიშნული დაპირისპირება და კვლავ მოხდეს ახალი დანაშაული.

ასევე, დადგენილია, რომ მომხდარი ინციდენტის დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებდნენ ზურაბ ზვიადაურის ახლობელები და ნაცნობ-მეგობრები, რომლებიც ჩადენილი დანაშაულის შემსწრე პირები არიან. ზურაბ ზვიადაურის თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში, ბრალდებულმა, შესაძლოა, მათზე მოახდინოს ზემოქმედება და მოსთხოვოს გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების შეცვლა მის სასიკეთოდ.

გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ზურაბ ზვიადაური საზოგადოებისთვის საკმაოდ ცნობილი პირია, რამაც შესაძლებელია გავლენა მოახდინოს მოწმეებზე. იგი ყოფილი დეპუტატია. მისთვის ადვილია დატოვოს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, არ გამოცხადდეს სასამართლოში და ხელი შეუშალოს მართლმსაჯულების განხორციელებას“, – განაცხადა პროკურორმა.

ზურაბ ზვიადაური ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.

„როცა დავურეკე ჩემს ძმას და მითხრა, ამ მცალიაო, დავურეკე ჯაბას, სად ხარ მეთქი. მითხრა, წინანდალში ვართო. ამათ მოსვლიათ ჩხუბი - უცემიათ ჯაბა და მისი მეგობარი ამ ჯგუფს. როგორც მითხრა, მცემესო, მითხრა, სადაც იყვნენ. ზვიადი სად არის მეთქი და აქ არისო. ახმეტიდან წავედი. ადგილზე რომ ავედი, ბევრი ხალხი იყო შეგროვებული. პირველ ნაკადს რომ ავცდი, 15-20 მეტრის ზემოთ დავინახე ჩემი ძმა და ესენი. ზემოთ იყვნენ ესენი, ვისთანაც მივდიოდი მე. რომ მივედი და გავაჩერე მანქანა. გადმოვედი, გადავკოცნე ჩემი ძმა, არ მენახა იმ დღეს. შევეკითხე რა ხდება მეთქი. ამის შემდეგ ქვემოთ მხრიდან დაიწყო ადამიანმა ყვირილი, რომელიც დილით იყო კონფლიქტში. გადმოდით წინ, თორემ აქ სისხლი დაიღვრებაო. ამ ადამიანს ეკიდა ჩანთა და ხელი ჰქონდა ჩადებული. როგორც კი მივიდნენ ესენი, ლაპარაკი არც გაგრძელებულა, ატყდა ჩხუბი. ჩხუბს მოჰყვა სროლა და მოჰყვა ეს შედეგი“, – თქვა ზვიადაურმა.

„ზურაბ ზვიადაურს იქ ხელში მომარჯვებული იარაღი არ ჰქონდა. ის ორი პიროვნება, რომლებიც დაიჭრნენ და დღეს ცოცხლები არიან, ხელში იარაღი არ ჰქონდათ - აი, ამ ადამიანების მიმართულებით ნიკა კენჭოშვილმა განახორციელა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი ხელის მომარჯვებით სროლა. ვართ ისეთ სიტუაციაში, რომ ზურაბი დგას და თავისი ძმა უნდა რომ წამოიყვანოს. ამ დროს მას ესვრიან და ამბობს, ტყვიამ რომ გამიქროლა სხეულზე, ვიგრძენი, ტანსაცმელიც კი შემირხია, ისე ახლოს გამიქროლაო. რომ მოხედა უკან, მისი ძმა უკვე წაქცეული იყო და სისხლი მოსდიოდა, მაგრამ ცოცხალი იყო. მეორე პიროვნება დაჭრილი, მესამე - იქით. გაიხედა და ყველგან დაჭრილი. კენჭოშვილი ისვრის, თან მიჯრით. ეს არის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. ამ დროს ვერ გაიქცევი და ტყვიას ვერ დაემალები, მით უმეტეს, ავტომატის ტყვიას ვერ დაემალები, მას სასიკვდილო ძალა აქვს ათას მეტრზე. ვერ გაექცევი, ვერ დაემალები, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კანონმდებლობა აუცილებელი მოგერიების დროს არ გავალდებულებს, გაიქცე ან მიიმალო, ან ვინმეს საშველად დაუძახო, შეგიძლია შენ თვითონვე განახორციელო პიროვნების მიმართ ღონისძიებები.

თავისი სიცოცხლის გადარჩენა უნდა ზურაბ ზვიადაურს. მისი ძმა დაიჭრა, ახლობლები დაუჭრეს და ახორციელებს საპასუხო სროლას. საგულისხმო ფაქტია ის, რომ მოწინააღმდეგე მხარე - ნიკა კენჭოშვილი არ ჩერდება და სროლას ისევ აგრძელებს. ეს ხდება წამებში, რამდენიმე წამი მიმდინარეობს. 10-12 ტყვია აქვს, თუ არ ვცდები, გარდაცვლილ ცოცხალაშვილს დაფიქსირებული. 4 ტყვია მოხვდა ზვიად ზვიადაურს. ორი პიროვნება კიდევ დაიჭრა. ესე იგი, 18 გასროლა განხორციელდა და ზურაბ ზვიადაურს არ უნდა ამოეღო იარაღი და არ უნდა გაესროლა თავის დასაცავად?

მხოლოდ ცოცხალაშვილია, ვისაც მეორე მხრიდან ხელში იარაღი უკავია. მისი ნეიტრალიზება რომ მოახდინა პიროვნებამ, რა უნდა ქნას ზურაბ ზვიადაურმა? უნდა დაელოდოს როდის მოკლავს, როდის მოუკლავს ძმას, როდის მოკლავს იმ პიროვნებებს, დანარჩენი 15-20 კაცი რომ იყო იქ შეკრებილი? არანაირი შურისძიების მოტივი აქ არ არის და მოკვლის განზრახვა აქ არ არის: ერთი ფაქტობრივი გარემოება გამოძიებას ხომ დადგენილი აქვს? როდესაც სროლა გააჩერა კენჭოშვილმა, მაშინვე გააჩერა სროლა ზვიადაურმა. მისი მოკვლა თუ უნდოდა, მივიდოდა და საკონტროლო გასროლას გაუკეთებდა თავში“, – აღნიშნა ადვოკატმა.

პროცესზე დაცვის მხარე აცხადებდა, რომ სასამართლოს ზურაბ ზვიადაური აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დაეტოვა, თუმცა ალტერნატივის სახით მოსამართლეს ასევე შესთავაზეს გირაო 50 000 ლარის ოდენობით და პირადი თავდებობა. ზვიადაურს თავდებში უდგებოდნენ ოლიმპური ჩემპიონი, ძიუდოისტი ლაშა ბექაური, მსოფლო ჩემპიონი, ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი და „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის ყოფილი წევრი ზაქარია ქუცნაშვილი. ადვოკატმა განაცხადა, რომ თავდებში ჩადგომის მზაობა ჰქონდათ ლაშა ტალახაძეს და ვარლამ ლიპარტელიანს, რომლებმაც სასამართლოში მისვლა ვერ შეძლეს და დისტანციურად ჩაერთვებოდნენ.

მოსამართლე თამარ კაპანაძემ პატიმრობა შეუფარდა ზვიადაურთან ერთად დაკავებულ ჯაბა ჯანგირაშვილსაც. წარდგენილ ბრალს არც ჯანგირაშვილი ეთანხმება. 

„16 აგვისტოს, თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარედ, ე.წ. მუხიანის ტერიტორიაზე, დაახლოებით 11 საათზე, ჯაბა ჯანგირაშვილის ახლობელს, ზვიად მაისურაძეს ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა ვახტანგ კვანტალიანთან, რაც გადაიზარდა ჩხუბში, რაშიც ჩაერთნენ ზვიად მაისურაძის ახლობლები - იქ მყოფი ჯაბა ჯანგირაშვილი, ლევან მაისურაძე და სხვები. ჩხუბით განაწყენებულმა ჯაბა ჯანგირაშვილმა მომხდარის შესახებ აცნობა მეგობარ ზვიად ზვიადაურს და სთხოვა დახმარება. დაახლოებით ერთ საათში ზვიად ზვიადაური მივიდა ჯაბა ჯანგირაშვილის მითითებულ ადგილზე, სადაც ასევე მივიდნენ ზვიად ზვიადაურის ძმა, ზურაბ ზვიადაური, ასევე, ვასილ ცოცხალაშვილი, ანზორ შამრელაშვილი და სხვები. ჩხუბის მიზეზის გასარკვევად, დაახლოებით 17:00 საათზე, დაუკავშირდნენ და დაიბარეს ვახტანგ კვანტალიანი. ამ დროს ჯაბა ჯანგირაშვილი მის კუთვნილ ავტომანქანაში ინახავდა მასზე რეგისტრირებულ „არსენალის“ წარმოების 7.62 კალიბრის ცეცხლსასროლ იარაღს, რომელიც უმეთვალყურეოდ ჰქონდა დატოვებული, რითაც შეიქმნა პირობა მისი სხვა პირის მიერ გამოყენებისათვის, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია“, – წაიკითხა მოსამართლე თამარ კაპანაძემ.

16 აგვისტოს, საღამოს, წინანდლის ტყეში ორმხრივი სროლის შედეგად, 3 ადამიანი მოკლეს - ზვიად ზვიადაური (ზურაბ ზვიადაურის ძმა), ვასილ ცოცხალაშვილი და ნიკა კენჭოშვილი. დაიჭრნენ ზვიად მაისურაძე და ანზორ შამრელაშვილი.

ადვოკატებმა ითხოვეს, ბრალდებული ზურაბ ზვიადაური, ბადრაგის თანხლებით, ხვალ, 19 აგვისტოს, ახმეტაში ძმის დაკრძალვას დაასწრონ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]