ინფიცირებულები ძირითადად ერთი უბნის მცხოვრებლები არიან. სოფლის ექიმი ჯულიეტა კაპანაძე ინფექციის გავრცელებას ქელეხს უკავშირებს.
„84 წლის ქალს პატივი ვეცით, გავასვენეთ, რაც ძალიან ძვირად დაგვიჯდა. მას შემდეგ, 9 აგვისტოდან დაიწყო ქელეხის კლასტერი. დღემდე დაავადდა 19 ოჯახის 41 წევრი. ინფიცირებულია ერთ წლამდე ბავშვი, რომელიც გადაყვანილია სტაციონარში. ორი ორსულიც საავადმყოფოში მოვათავსეთ“, - ამბობს ექიმი.
ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
დღეს ქვეყანაში 61 236 ინფიცირებულია, რომელთაგან 7273 საავადმყოფოში მკურნალობს. მხოლოდ ბოლო დღე-ღამეში კოვიდინფიცირების 4091 და გარდაცვალების 74 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
კორონავირუსის პანდემიის გამო „სოციალური ღონისძიებების“ (როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, იუბილე და ა.შ.) გამართვა აკრძალულია. მთავრობის გადაწყვეტილებით, მსგავსი ღონისძიების მასპინძლობისთვის კვების ობიექტების თუ სხვა სარიტუალო დარბაზების მფლობელები პირველ ჯერზე 10 ათასი ლარით დაჯარიმდებიან, ხოლო განმეორების შემთხვევაში, ობიექტი დაილუქება. აკრძალვის მიუხედავად რეგიონებში საბანკეტო დარბაზებში მაინც მართავენ ქორწილებსა და ქელეხებს. უმეტეს შემთხვევაში ადგილობრივი პოლიცია რეაგირებას არ ახდენს.