„ჩატარებული შიდასამსახურებრივი მოკვლევის საფუძველზე დადგენილია ირაკლი ბაღდავაძის მიერ ზემოთაღნიშნული დარღვევების ჩადენის ფაქტები, რის გამოც მოხდა მისი სამსახურიდან გათავისუფლება“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.
ბაღდავაძე პროტესტის ნიშნად მშრალი შიმშილობის დაწყებას აპირებს.
„ჩემი გაგდება უკავშირდება იმას, რომ ეს ყველასთვის მაგალითი იყოს - ვინც ხმას ამოიღებს, აი, რა დაემართება. ოფიციალური მიზეზია, ვითომ ხალხში ვქმნი კონფლიქტს. ეს ყველაფერი შეთხზული ბრალდებაა. რამდენიმე ადამიანი ჰყავთ, რომელთაც კარგი ფული გადაუხადეს და შეიძლება ეს მათ ათქმევინონ. ვაცახდებ მშარალ შიმშილობას, არც წყალს დავლევ, არც საჭმელს შევჭმ. ან ჩემი სიცოცხლე, ან სამართალი. დავრჩი უმუშევარი. ქირას ვეღარ გადავიხდი. უიზარმაზარი ბანკის ვალი მაქვს“, – განაცხადა ბაღდავაძემ.
6 აგვისტოს, დილით, დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებასა და ნარჩენების გატანაზე პასუხისმგებელი კომპანიის, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა და კომპანიის ოფისთან აქციას გამართა. აქციის მონაწილეები ხელფასის 50%-ით მომატებას, ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნებას, ტრანსპორტის (ნაგავმზიდი ავტომანქანები) განახლებასა და სეზონის შესაბამისად სამუშაო უნიფორმის შეცვლას ითხოვდნენ.
9 აგვისტოს გაფიცვა შეწყდა. პროფკავშირების ინფორმაციით, პროტესტი შეთანხმებით დასრულდა, რაც მოიცავდა: საპროტესტო აქციაში მონაწილე პირების ხელშეუხებლობას; მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში დაგეგმილი განრიგის გაუქმებას და არსებულ განრიგზე დაბრუნებას; 2022 წლის 1 იანვრიდან დასაქმებულთა დაზღვევას; დამატებით ანაზღაურებად შვებულებას, 24 სამუშაო დღესთან ერთად; სპეც-ტანსაცმლის და ავტოპარკის განახლებას; სახელფასო ანაზღაურების გაზრდას.
17 აგვისტოს ირაკლი ბაღდავაძემ დასუფთავების სამსახურში არსებულ პრობლემებსა და შესაძლო კანონდარღვევებზე ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში ისაუბრა. 20 აგვისტოს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა ბრიფინგი გამართეს და ბაღდავაძის განცხადებებს გაემიჯნენ.