weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პანკისში დაკავებულები ISIS-ში გაწევრიანდნენ და სირიაში გამგზავრებას გეგმავდნენ – სუს

14:54 სამშაბათი, 24 აგვისტო 2021
კადრი სუს-ის მიერ გავრცელებული ვიდეომასალიდან კადრი სუს-ის მიერ გავრცელებული ვიდეომასალიდან

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც სუს-ი აცხადებს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულია საქართველოს ხუთი მოქალაქე, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ (ISIS) გაწევრიანდა და სირიაში გამგზავრებას გეგმავდა.

დაკავებულები თბილისში არიან გადაყვანილები. როგორც „რეგინფოს“ სუს-ის პრესსამსახურში უთხრეს, ისინი დაკითხვაზე იმყოფებიან და ბრალის წარდგენა ჯერ არ მომხდარა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან თანამშრომლობით, კახეთის რეგიონში ჩატარებული სპეციალური ღონისძიებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს.

გამოძიებით დგინდება, რომ საქართველოს 5 მოქალაქე გაწევრიანდა ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში და გეგმავდნენ სირიაში - ტერორისტების ბანაკში გამგზავრებას.

ერთგულების დასტურად, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ამჟამინდელი ლიდერის წინაშე დადეს ერთგულების ფიცი (ე.წ. ბაიათი) და ფიცის ამსახველი ვიდეორგოლი გაავრცელეს ტერორისტებთან დაკავშირებულ პირებთან. 

ჯგუფის წევრები ღიად გამოხატავდნენ ტერორისტული ორგანიზაციისადმი მხარდაჭერას და ქუჩებში გადაადგილებისას სისტემატურად ახდენდნენ ტერორისტული სიმბოლიკის დემონსტრირებას.

გამოძიების ფარგლებში, გამოიკვეთა ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერი ჯგუფის ლიდერი, რომელიც ღიად აცხადებდა, რომ იყო ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი და საქართველოს ემირი. ზემოხსენებული პირები სწორედ მისი დახმარებით გაწევრიანდნენ ტერორისტული ორგანიზაციის რიგებში და გეგმავდნენ სირიაში გამგზავრებას. ისინი პერიოდულად აწყობდნენ კონსპირაციულ შეხვედრებს და განიხილავდნენ სირია-ერაყის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებს და საქართველოსთან მიმართებით არსებულ სამომავლო გეგმებს.

გამოძიების დაწყებისთანავე კომპლექსურად გატარდა შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებები.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას გულისხმობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

პანკისის ხეობაში, სოფლებში – დუისსა და ქორეთში სპეცოპერაცია გამთენიისას ჩატარდა. „რეგინფოს“ ინფორმაციით, დუისში მუხმად მაჩალიკაშვილი და იუსუფ მაჩალიკაშვილი (ცათიაშვილი) დააკავეს, ხოლო ქორეთში რამაზ ქავთარაშვილი, ჰამზათ ბაღაკაშვილი და რამაზ მარგოშვილი. დუისში დაკავებულთაგან ერთ-ერთი 40 წლამდე მამაკაცია, ხოლო დანარჩენების ასაკი 20 წლამდეა. 

19 წლის რამაზ ქათარაშვილის მამა, ალი ქავთარაშვილი სიცრუეს უწოდებს სუს-ის განცხადებას იმის შესახებ, რომ მისი შვილი „ისლამური სახელმწიფოს“ წევრია და სირიაში აპირებდა წასვლას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]