weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები გაათავისუფლეს

11:04 ოთხშაბათი, 25 აგვისტო 2021

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულები – სულიკო საყევარაშვილი, გიორგი სახელაშვილი და ვაჟა გიგაური პატიმრობიდან გაათავისუფლა.

მოსამართლის განაჩენით, ბრალდებულები დამნაშავედ იქნენ ცნობილი და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ, თუმცა სასჯელის მოხდის ვადა დღეს ამოეწურათ, რადგან ისინი 25 თებერვალს დააკავეს. ამასთან, საყევარაშვილს და გიგაურს დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრათ 150 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა.

„ის, რასაც ვამბობდით, გამართლდა. მოსამართლეს ივლისში შეეძლო განაჩენის გამოცხადება, მაგრამ ექვსი თვე სპეციალურად გაწელა. სამარცხვინო სასამართლო გვყავს. ეს ქმნის ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომს და ამან მოიტანა 5 ივლისი და ჩვენი კოლეგის მკვლელობა. ეს არის ვითარება, როდესაც უსამართლო სასამართლო კიდევ ერთხელ ახალისებს დანაშაულს. სასამართლოს ჰქონდა ყველა მტკიცებულება იმისთვის, რომ ეს ადამიანები დაეტოვებინა ციხეში, იმიტომ, რომ ისინი არიან მოძალადეები. ვიდრე ამ ქვეყანაში მოძალადეები არ ისჯებიან, ვიღებთ ტრაგიკულ ფაქტებს“, – განაცხადა ვახო სანაიამ განაჩენის გამოცხადების შემდეგ.

ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანსა და ჟურნალისტს, ვახო სანაიას თავს 25 თებერვალს, გვიან ღამით, თბილისში, წყნეთის ქუჩაზე დაესხნენ თავს. შემთხვევის დროს ჟურნალისტი ოჯახის წევრებთან და მცირეწლოვან ბავშვთან ერთად იყო.

პროკურატურა აცხადებდა, რომ სანაიაზე თავდასხმა მისი პროფესიული საქმიანობის გამო მოხდა.

„ბრალდებულებმა ვახტანგ სანაია ჯერ წააქციეს, შემდეგ კი მასზე ფიზიკურად იძალადეს, რა დროსაც ჟურნალისტს მისი პროფესიული საქმიანობის გამო შეურაცხყოფას აყენებდნენ და უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ, ხოლო ვაჟა გიგაური ვახტანგ სანაიას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედებით, ვახტანგ სანაიამ თავის და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიიღო. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა სულიკო საყევარაშვილმა ძალადობა განახორციელა ვახტანგ სანაიას თანმხლებ ნ.მ-ს მიმართ“, – აცხადებს პროკურატურა.

დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დევნა პროფესიული საქმიანობის გამო ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა) წარედგინათ.

გიორგი სახელაშვილის ადვოკატის, გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, მოსამართლემ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა ვერ გაბედა. ადვოკატი ამბობს, რომ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]