weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ვაქცინაციის საბუთის წარმოდგენის დავალდებულება დისკრიმინაცია არ არის – სახალხო დამცველი

12:35 ოთხშაბათი, 25 აგვისტო 2021

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, საზოგადოებრივი ცხოვრების გარკვეულ სფეროებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საბუთის წარმოდგენის დავალდებულება არ წარმოადგენს დისკრიმინაციულ ან უფლებების შემლახავ პრაქტიკას.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, შექმნილი ვითარების ფონზე, ვაქცინაცია უნდა განიმარტოს არა მხოლოდ როგორც ინდივიდუალური უფლება, არამედ როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და მოსახლეობის სიცოცხლის გადარჩენისთვის აუცილებელი კოლექტიური პასუხისმგებლობა.

„ბოლო პერიოდში საქართველოში მსჯელობის საგანი იყო და სახალხო დამცველის აპარატსაც არაერთმა მოქალაქემ თუ ორგანიზაციამ მომართა კითხვით - არღვევს თუ არა პირის უფლებებს და დისკრიმინაციული არის თუ არა, ვაქცინაციის საბუთის წარმოდგენის დავალდებულება შრომით ურთიერთობებში, ასევე, მომსახურების სფეროში, ჯანდაცვის სფეროში, განათლების თუ სხვა სფეროებში.

სახალხო დამცველმა საფუძვლიანად შეისწავლა როგორც უახლესი საერთაშორისო გამოცდილება, ასევე ეროვნული კანონმდებლობა ადამიანის უფლებების ჭრილში და შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საზოგადოებრივი ცხოვრების გარკვეულ სფეროებში როგორიცაა – ჯანდაცვა, სოციალური მომსახურება, განათლება, საჯარო სამსახური და სხვა – კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საბუთის წარმოდგენის დავალდებულება არ წარმოადგენს დისკრიმინაციულ ან უფლებების შემლახავ პრაქტიკას. ვინაიდან დამსაქმებლის ვალდებულებაა, უზრუნველყოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გარკვეული შემზღუდავი თუ წამახალისებელი ღონისძიებები ვაქცინირებული და არავაქცინირებული პირებისათვის არ იქნება დისკრიმინაციული, მათი სათანადო დასაბუთების პირობებში. შესაბამისად,

დამსაქმებლებს, ასევე მომსახურების გამწევ პირებს უფლება აქვთ, დასაქმებულს ან მომხმარებელს მოსთხოვონ სრული ვაქცინაციის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხის სისტემატურად წარმოდგენა.

აღნიშნული წესი უნდა ითვალისწინებდეს გამონაკლის შემთხვევებსაც, მაგალითად, როდესაც პირი წარმოადგენს სამედიცინო ცნობას ვაქცინაციის მიზანშეუწონლობის შესახებ.

დისკრიმინაციულ პრაქტიკად არ არის აღიარებული ისეთი რეგულაციები, რომლის თანახმადაც, განსაზღვრულ საჯარო ადგილებში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ ვაქცინირებული ადამიანებისთვის, ხოლო არავაქცინირებულთათვის სავალდებულოა ტესტის უარყოფითი პასუხის წარმოდგენა. ზოგიერთ შემთხვევაში, ასეთ საჯარო სივრცეებში უშვებენ იმ ადამიანებსაც, რომლებსაც ბოლო პერიოდში კოვიდ-19 გადაიტანეს და მათ აქვთ ამისი დამადასტურებელი დოკუმენტი.

შესაბამისად, საერთაშორისო პრაქტიკით ვაქცინაციის ჩატარების დავალდებულება, რა თქმა უნდა, გამოიწვევს პირის ინდივიდუალურ უფლებებში ჩარევას, თუმცა ასეთი ჩარევა გამართლებულია მაშინ, როდესაც ის ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ადამიანის სიცოცხლის დაცვას“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისივე თქმით, ქვეყანაში უმძიმესი ეპიდემიოლოგიური ვითარებაა და მოქალქეთა სიცოცხლის გადასარჩენად ვაქცინაციის დაჩქარებას არსებითი მნიშვნელობა აქვს. ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, ამ დროისთვის, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელთა 80% აცრილია. 

 

ამ თემაზე:

კოვიდბარათების გაცემა დაიწყო – სად და როგორ მიიღებთ დოკუმენტს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]