მისი თქმით, მთავრობის სტრატეგიაა, რომ ეტაპობრივად, წელსვე დაიწყოს საგარეო ვალის შემცირება და თავი შეიკავოს იმ ვალის აღებისგან, რისი აუცილებლობა წელს არ აქვს.
„დღეს გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ტურიზმის აღდგენა დაიწყო სწრაფად. სვანეთში, აჭარაში, კახეთში, ყველგან სასტუმროები ტურისტებით გადავსებულია. ამ ყველაფერს სჭირდება შენარჩუნება. იმას, რომ მოსახლეობას გაუჩნდა დამატებითი შემოსავალი, ეს დეპრესიული ფონი მოიხსნა – ამას სჭირდება შენარჩუნდება.
ნახეთ, რა ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში: ეკონომიკა სწრაფი ტემპით იზრდება, თუმცა, რა თქმა უნდა, ინფიცირებულთა რაოდენობა ასევე არის მაღალი, დღეში აქვთ 100 ათასი შემთხვევა, მაგრამ აშშ-ის, ევროპის ქვეყნების ლიდერები გამოვიდნენ, მათ შორის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელები და თქვეს, რომ ქვეყნები აღარ ჩაიკეტება, შეიძლება წერტილოვანი, ლოკალური შეზღუიდვები დავაწესოთ, მაგრამ ქვეყნის და ეკონომიკის გაჩერების ფუფუნება არ გვაქვს. ანუ არ აქვს ამის გაჩერების უფლება ამერიკის შეერთებულ შტატებს - ნომერ პირველ, ყველაზე ძლიერ სახელმწიფოს. არ აქვს ამის ფუფუნება გერმანიას, ევროპის დედაქალაქებს, ბრიტანეთს და ა.შ. მით უმეტეს ჩვენ, ჯერ კიდევ ღარიბმა სახელმწიფომ და ძალიან მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყანამ, როგორ შეიძლება მკაცრი ლოქდაუნები განვიხილოთ?
დღეს გამოდიან ის ადამიანები, რომლებიც ექვსი თვის წინ აგრესიულ კამპანიას აწარმოებდნენ, რომ გაგვეხსნა ეკონომიკა და ითხოვენ, რომ ჩავკეტოთ ეკონომიკა. ჩაკეტვაზე ადვილი რა არის? ვერც ამაში გვაჯობებენ. გვაქვს ამის გამოცდილება. ეს არ არის გამოსავალი. ეს არის მავნებლური, ჩვენი ხალხის საწინააღმდეგო იდეა და ე.წ. შემოთავაზება. ამის ნაცვლად ჩვენ გვჭირდება დაბალანსებული მიდგომა. ამას სჭირდება აქტიური ვაქცინაცია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ეპიდემიოლოგებისგან აქვს ინფორმაცია, რომ სექტემბერში რთული პერიოდი და ჯანდაცვის სისტემისთვის დიდი გამოწვევა იქნება.
„ამიტომ ამ ოქროს შუალედის პოვნა დაგვჭირდება. ყველამ ერთად ეს სექტემბერიც უნდა ჩავამთავროთ, ვაქცინაცია უნდა ჩავატაროთ ეფექტიანად, არჩევნებიც უნდა ჩავატაროთ კოვიდუსფრთხოდ და ჩვენი პროგნოზებით, ოქტომბერი იქნება სტაბილურობის პერიოდი. რაც მთავარია, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ეკონომიკა არ ჩავკეტოთ და ათასობით ჩვენი მოქალქე არ დავსვათ სახლში შემოსავლისა და სარჩოს გარეშე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
2021 წლის ივლისის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 8 მილიარდი აშშ დოლარია, რაც 25 მილიარდ ლარზე მეტია. 2019 წლის ივლისში საგარეო ვალის ოდენობა 5 მილიარდ 300 მილიონი დოლარი იყო, რაც 16 მილიარდამდე ლარს შეადგენდა.