მისივე თქმით, კორონავირუსის „დელტა“ შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება ორსულებში, მათი იმუნური სტატუსიდან გამომდინარე და შესაძლებელია, შედარებით მძიმე მიმდინარეობა გამოიწვიოს.
„სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ პრევენციული ზომები გატარდეს და თუ დადგა ინფიცირება, სწრაფად მოხდეს შესაფერისი რეაგირება. საბედნიეროდ, პირველი ტალღის პერიოდში, კორონავირუსის ის ორიგინალური შტამი, რაც თავიდან იყო, მსგავსი ტიპის რეაქციებს არ იწვევდა და მინიმალური იყო ორსულების ინფიცირების შემთხვევები, გარდაცვალებაც იყო მინიმალური. „დელტა“ შტამი მეტი აგრესიულობით ხასიათდება, განსაკუთრებით ორსულებთან მიმართებაში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, ორსულებისთვის ჰოსპიტალური საწოლების სათანადო რაოდენობაა მობილიზებული და ამ კუთხით დეფიციტი არ არსებობს.
„ორსულს ჰოსპიტალური მართვა თუ სჭირდება, ის ჰოსპიტალში მოხვდება. თბილისში მობილიზებულია 120-მდე საწოლი, 50-მდე ქუთაისში, იგივე რაოდენობაა იმერეთში, სხვა რეგიონებშიცაა შესაძლებლობა, რომ ორსულს ჰოსპიტალური მეთვალყურეობა ჩაუტარდეს“, –აღნიშნა გაბუნიამ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 24 წლის ქალი, რომელიც ვაქცინირებული არ იყო. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს ჯამში 79 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.