weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

ფოთის პორტთან მცხოვრებ დევნილებს უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანენ

16:34 პარასკევი, 27 აგვისტო 2021

პრემიერ-მინისტრი ფოთის სამეწარმეო ზონასთან ახლოს, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე ორ კორპუსში მცხოვრებლებს, სადაც ბავშვებს სისხლში ტყვიის მაღალი, რამდენიმეს კი საგანგაშო ოდენობის შემცველობა აქვს დადასტურებული, უსაფრთხო საცხოვრებლებით უზრუნველყოფას დაჰპირდა.

ჯავახიშვილის ქუჩის მოსახლეობამ მთავრობის მეთაურთან შეხვედრა დღეს შეძლო. ირაკლი ღარიბაშვილმა და მთავრობის სხვა წევრებმა ფოთში მერობის კანდიდატად, საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე წარადგინა.

აფხაზეთიდან დევნილმა მოქალაქეებმა, რომლებიც ფოთის სამეწარმეო ზონასთან რამდენიმე მეტრში ცხოვრობენ, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ ნავსადგურთან ახლოს ცხოვრება მათი ჯანმრთელობისთვის საშიში და მავნებელია. ღია ცის ქვეშ, ყოველდღიურად ცლიან და ტვირთავენ გოგირდის ფხვნილს, ალუმინის ოქსიდს, სპილენძის კონცენტრატს, კარბამიდს და სხვა მასალებს, ქარიან ამინდში ზღვის მხრიდან გოგირდის და სხვა ქიმიური ნივთიერებების მტვერი პირდაპირ საცხოვრებელ კორპუსებს ეყრება. ნავსადგურიდან სხვადასხვა სახის ტვირთი, ამტვერებადი მასალები, მათ შორის, კონცენტრატები გადაუხურავი ავტომობილებით გააქვთ შპს „ტრანსფორდს“, შპს „ჩენელ ენერჯი ლიმიტედ საქართველოს“ და სხვა კომპანიებს. ღამითაც, ასობით დატვირთული მანქანა მაღალი სიჩქარით გადაადგილდება და მთელ ქუჩას ქიმიური მასალების მტვრით ფარავს. დევნილთა საცხოვრებლის გარშემო წყლის გუბეები გოგირდის აპკებითაა დაფარული, კორპუსის სახურავები სავსეა დახოცილი მტრედებით.

ჯავახიშვილის ქუჩაზე დევნილთა ორ კორპუსში ასამდე ოჯახი ცხოვრობს, 52 ბავშვია. 11 წლის გიას სისხლში ტყვიის შემცველობა 20-ჯერ მაღალია და ბავშვებისთვის განსაზღვრული ნორმის, 5 მკგ/დლ-ს (მიკროგრამი დეცილიტრზე) ნაცვლად, 104-ია. ტყვიის შემცველობა დასაშვებ ზღურბლს 12-ჯერ აღემატება 9 წლის გიორგის სისხლშიც. ორივე ბავშვი ლიმბახის ლაბორატორიამ გამოიკვლია, რომელიც ევროპაში წამყვანი დიაგნოსტიკის ჯგუფია. სხვა ბავშვების სისხლშიც, ტყვიის შემცველობა ნორმის ზედა ზღვარს, 2-6 ჯერ აღემატება.

ორი კვირის წინ ამ თემაზე „მთის ამბებმა“ სპეციალური რეპორტაჟი მოამზადა - ტყვიის საგანგაშო შემცველობა ბავშვების სისხლში.

როგორც „რეგინფოს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, პრემიერმა ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს პრობლემის უმოკლეს ვადაში გადაჭრის პირობა მისცა. პრემიერთან შეხვედრაზე არ შეუშვეს სამოქალაქო აქტივისტი და პლატფორმა „ფოთელები საკუთარი უფლებებისთვის“ დამფუძნებელი ელისო ჯანაშია, რომელიც ჯავახიშვილის ქუჩის მოსახლეობის უფლებების ადვოკატირებას ახორციელებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას თქმით, სანაპირო დაცვის ბაზასთან ახლოს 100-მდე ოჯახი ცხოვრობს და პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, უმოკლედ ვადაში უზრუნველყოფენ უსაფრთხო ადგილზე საცხოვრებელი სახლებით.

ადგილობრივმა ვეფხია გულედანმა „რეგინფოს“ უთხრა, რომ ისინი მთავრობის მიერ მიცემული დაპირების შესრულებას რამდენიმე დღე დაელოდებიან, კომუნიკაციას კი გუბერნატორთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან გააგრძელებენ.

2021 წლის 2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია დანიშნული. წინასაარჩევნოდ მთავრობა ამომრჩევლებს მასობრივად ჰპირდება პრობლემების გადაწყვეტას. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]