weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბოდიში ფოთელებს წყლის მიწოდებისა და კანალიზაციის პროექტების ჩავარდნისთვის

17:16 პარასკევი, 27 აგვისტო 2021

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ფოთელებს ბოდიში მოუხადა ქალაქის წყალმომარაგებისა და წყალარინების მრავალმილიონიანი პროექტის ჩავარდნის გამო.

„ახლა აქ მე რომ მხოლოდ კარგ ამბავზე ვილაპარაკო და წყალმომარაგების და კანალიზაციის პროექტის ჩავარდნაზე არ ვისაუბრო, არ იქნება სწორი. ჩვენ არასდროს გავურბივართ ამ პრობლემებს. უბრალოდ, დღეს, როდესაც მე აქ გამოვდივარ, რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ის თავის დროზე დანახული და დაწყებული აუცილებელი პროექტი, რომელიც 170 მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას გულისხმობს და მთლიანად ფოთის წყალმომარაგებას და წყალარინებას უზრუნველყოფს, სამწუხაროდ სხვადასხვა მიზეზის გამო გაჭიანურდა.

მნიშვნელობა არ აქვს მიზეზი რა არის იმიტომ, რომ თქვენთვის შედეგია მთავარი. მე კი წარმოვადგენ იმ უწყებას, რომელიც ამ შედეგის მიღწევაზეა პასუხისმგებელი. ამიტომ ბოდიშს გიხდით იმ უხერხულობისთვის, იმ დაგვიანებისთვის, რომელიც დღემდეა. თუმცა ამავდროულად მხოლოდ პრობლემის დაფიქსირება არასდროს არის ჩვენი მიდგომა და ეს სწორედ ის შემთხვევაა. უკვე გაფორმდა შეთანხმება შესაბამის კონტრაქტორ კომპანიასთან, რომელმაც აიღო ვალდებულება, ხელშეკრულების ფარგლებში, ჯარიმების გათვალისწინებით, ყოველგვარი შეღავათის გარეშე, დაიწყოს რეაბილიტაცია და უკვე სექტემბერში განახლდება სამუშაოები. სექტემბერ-ოქტომბერში თვალნათლივ დავინახავთ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, გვაქვს მეორე გეგმა „ბ“. სამწუხაროა, რომ ასეც ხდება, მაგრამ ეს პროექტი ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია. ნოსირში გვაქვს ჩვენ სათავე ნაგებობა, საიდანაც უკვე მოედინება წყალი ფოთისკენ. 17 სოფელი მდებარეობს ნოსირიდან ფოთამდე. ამ სოფლების წყალმომარაგების სისტემის პროექტირება წელს დაიწყება და 2024 წლისთვის უკვე აქაც გვექნება წყალმომარაგება.

ანუ, ბევრად უფრო გაფართოვდება ეს პროექტი. წყალმომარაგების კუთხით ჩვენ ვსაუბრობთ დაახლოებით 200 მილიონ ლარიან ინვესტიციაზე, რომელიც მავანმა შეიძლება თქვას, რომ ვერ გააკეთეთ და რაღა გამოვიდაო. ერთ წელიწადში, მომდევნო წლის ბოლოს კვლავ გესტუმრებით და ეს კონკრეტული შედეგი უკვე გვექნება“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

მისივე თქმით, პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ფოთისთვის დამუშავდება ურბანული განახლების პროექტი, რომელიც გაითვალისწინებს ყველა იმ საინჟინრო საჭიროებას, რაც ქალაქს ამჟამად აქვს - სანიაღვრე და სხვა აუცილებელი სისტემები, რომლებიც კრიტიკულია ფოთისთვის გეოლოგიური და სხვა მონაცემების გათვალისწინებით.

მთავრობის წევრებმა დღეს ფოთში მერობის კანდიდატად საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე წარადგინეს. 

„ქართული ოცნება“ ფოთის მოსახლეობას 24 საათიან წყალმომარაგებას ჯერ კიდევ 2013 წელს დაჰპირდა. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მაშინდელი მინისტრი დავით ნარმანია აცხადებდა, რომ კონტრაქტორ კომპანიასთან გაფორმდა კონტრაქტი, რომელიც 2016 წლისთვის ქუთაისში, ფოთსა და ანაკლიაში სასმელი წყლის სისტემის გაუმჯობესებას ისახავსდა მიზნად. კონტრაქტის საერთო ღირებულება 59,5 მილიონი ლარი იყო. ფოთის მოსახლეობის ნაწილს 24 საათიანი წყალმომარაგება ამ დრომდე არ აქვს.

ფოთის წყალარინების (კანალიზაციის) სისტემის რეაბილიტაცია და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო. პროექტის ბიუჯეტი 130 მილიონი ლარი იყო და აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდებოდა. ტენდერში აზერბაიჯანულმა კომპანიამ გაიმარჯვა. სამუშაოებიდ უხარისხოდ შესრულების მიზეზით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ მასთან კონტრაქტი რამდენიმე თვეში შეწყვიტა.

2018 წელს ორი ტენდერი გამოცხადდა წყალარინების რეაბილიტაციზე და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაზე, რომლის ჯამური ღირებულებაც 133 მილიონი ლარი იყო. ტენდერში ჰოლანდიურმა და იტალიურ-გერმანულმა კომპანიებმა გაიმარჯვეს. ორივე პროექტი 2020 წლის ზაფხულში უნდა დამტავრებულიყო, მაგრამ არ დასრულდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]