სამედიცინო დაწესებულების კლინიკურმა დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განაცხადა, რომ ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო და მას კორონავირუსის გარდა სხვა დაავადებებიც ჰქონდა.
„ბავშვი ბათუმის კლინიკიდან 17 დღის ასაკში გადმოვიდა, უკვე ინტუბირებული, მართვით სუნთქვაზე მყოფი. გამოხატული იყო ახალშობილთა სეფსისი, გულის თანდაყოლილი მანკი, რესპირატორული დისტრესი. ერთი კვირის განმავლობაში ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, პირიქით, კრიტიკულად მძიმე რჩებოდა და გუშინ მოხდა სიკვდილის დაფიქსირება“, – განაცხადა მაია ჩხაიძემ.
მისივე თქმით, მართვით სუნთქვაზე კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული ჩვილი რჩება, რომელსაც ასევე თანმხლები დაავადებები აქვს.
ამ ეტაპზე ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული სულ 85 ბავშვი მკურნალობს.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით 83 ადამიანი გარდაიცვალა და დაფიქსირდა ინფიცირების 2684 ახალი შემთხვევა. ამ ეტაპზე ქვეყანაში კოვიდის 45 688 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 7061 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.