როგორც გაბუნიამ აღნიშნა, პირველი რაც უნდა გაკეთდეს, არის ის, რომ „მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, თავიდან ავიცილოთ ახალი ტალღის ისეთი სისწრაფით გავრცელება როგორიც გასული მეოთხე ტალღის პერიოდში გვქონდა“.
„აქ მთავარი, კრიტიკული იქნება რეგულაციების დაცვა, ანუ ის რეგულაციები, რომელიც დაწესებულია, განსაკუთრებით პირბადე და სოციალური დისტანცირება, კიდევ დიდხანს დაგვჭირდება და ამის ალტერნატივა არ არის.
ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფი ვაქცინაცია, რადგან ამ პირობებში არავაქცინირებული ადამიანი გახდება ძალიან ძლიერი დარტყმის პირველი სამიზნე.
ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ძალიან მცირე დარჩეს საზოგადოებაში არავაქცინირებული ჯგუფი და ეს იქნება დაცვის საშუალება. ამასთანავე, მზაობა მიმდინარეობს ჯანდაცვის სექტორის განვითარების კუთხით. იცით, რომ რამდენიმე მედიკამენტზე მუშაობა გლობალურად ხდება, ახალი წამლები ჩნდება და ჩვენც , რა თქმა უნდა, მივყვებით ამ სიახლეებს. კიდევ ერთი გადაწყვეტა ამ პრობლემების იქნება ახალი მედიკამენტური მარაგი ჩვენს საზოგადოებასაც ჰქონდეს და ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
დღევანდელი მონაცმებით, საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ სრულად ვაქცინირებულია 480 613 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 16.8%-ია. ჯანდაცვის სამინისტროს მიზანია, წლის ბოლომდე 3 400 000 აცრის ჩატარებაა, რაც 1 700 000 მოსახლის ვაქცინირებას ნიშნავს.
„დღეს რაც გვაქვს ჩატარებული 1 400 000 აცრა, ეს უახლოვდება ნახევარს იმ სამიზნე რაოდენობის, რაც ჯერჯერობით არ არის საკმარისი იმისთვის, რომ რეალურად გარდატეხა მოხდეს ინფექციის გავრცელების პროცესში. ამიტომ საჭიროა მეტად ინტენსიური მუშაობა ვაქცინების გაფართოებაზე.
გუშინ დაახლოებით 16 ათასი აცრა ჩატარდა, რაც დაბალია. გასულ დღეებში იყო 23-25 ათასი. იმისათვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ტემპი და გვქონდეს მოლოდინი გარკვეული იმუნური ფენის სწრაფად ჩამოყალიბების, მნიშვნელოვანია, დღის განმავლობაში ჩატარებული აცრების რაოდენობა 25-30 ათასი მაინც იყოს“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს სხვადასხვა ბიზნესთან და ასევე, პედაგოგიურ კოლექტივებთან იმისთვის, რომ ამ ჯგუფეში აქტიურად აიცრან.