„სამედიცინო ფეროში აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაცია. სხვადასხვა ჯგუფის ვაქცინაცია მერყეობს 60-დან 80%-მდე და ამ ეტაპისთვის, სავალდებულოობის პრინციპის შემოღების აუცილებლობას სამინისტრო ვერ ხედავს. უკვე გაკეთებულია მილიონ 300 ათასზე მეტი ვაქცინა, რაც ძალიან კარგია. ჩვენ შემდეგ დღეებში უკვე გვეყოლება ნახევარი მილიონი ორჯერადად აცრილი მოქალაქე. სახელმწიფო მიჰყვება იმ დათქმულ გეგმას, რომელიც ჰქონდა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მისივე თქმით, არის „რეალური ალბათობა“ იმისა, რომ 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი სასკოლო ოთახებში დაიწყება.
„დღევანდელი მაჩვენებელი, ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი RT უკვე ჩამოსცდა 0.08-ს, რაც იძლევა დადებითი პროგნოზის გაკეთების საშუალებას. ასევე, სხვადასხვა რეგიონში დადებითობის მაჩვენებელი უახლოვდება 4%-ს, რაც კარგი ნიშნულია. ეს ყველაფერი არის 7-დღიან ჭრილში. ჩვენ განვიხილავთ ამას საბჭოზე და დღეს, სავარაუდოდ, მივიღებთ დადებით გადაწყვეტილებას სხვადასხვა რეგულაციის შემსუბუქების თუ შეცვლის თაობაზე“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 25 624 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 1965 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში 3996 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 50 კი გარდაიცვალა. ტესტდადებითობის დღიური მაჩვენებელი 7.67%-ია, ბოლო 14 დღის მაჩვენებელი 8.77%-ს, ხოლო ბოლო კვირის 7.63%-ს შეადგენს. დღეს ქვეყანაში ინფიცირების 36 310 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 6766 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. ამ ეტაპზე 1559 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 405 პირი.