weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

16:06 ოთხშაბათი, 08 სექტემბერი 2021
ფოტოზე - შანაი ბრუკი ფოტოზე - შანაი ბრუკი

თბილისში, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ავსტრალიის მოქალაქე ქალის, შანაი ბრუკი ედვარდსის განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული რ.მ. დააკავეს.

ამის შესახებ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, კახა მურადაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ბრალდებული დღეს, მკვლელობიდან 40 დღის შემდეგ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

„შანაი ბრუკი, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დროებით ცხოვრობდა თბილისში, გოგებაშვილის პირველ შესახვევში. მეგობრების განმარტებით, იგი ხშირად სეირნობდა მთაწმინდის პარკის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში. 30 ივლისს შანაი ბრუკი მეგობრებს უნდა შეხვედროდა, თუმცა არ მივიდა დათქმულ დროს და მას შემდეგ მასთან კომუნიკაცია შეწყდა. მოგვიანებით, შანაი ბრუკის მეგობრებმა აღნიშნულის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინეს. შეტყობინების მიღებისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სამძებრო ღონისძიებები დაიწყეს“, – განაცხადა კახა მურადაშვილმა.

ახალგაზრდა ქალის ცხედარი 31 ივლისს, დღის მეორე ნახევარში იპოვეს. კახა მურადაშვილის განცხადებით, მას ძალადობის კვალი აღენიშნებოდა.

„გამომძიებლის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით მოხდა შემთხვევის ადგილისა და ცხედრის დათვალიერება, რა დროსაც ამოღებულ იქნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე არაერთი ნივთი და ბიოლოგიური კვლები. ასევე, ამოღებულ იქნა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა, დაზიანებულ მდგომარეობაში. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ, ცხედარი გადასვენებულ იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში და ჩატარდა შესაბამისი ექსპერტიზა, ხოლო შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ნივთებსა და კვლებზე ჩატარდა დაქტილოსკოპიური, ტრასოლოგიური, ბიოლოგიური და გენეტიკური ექსპერტიზები.

გამოძიებამ ჩაატარა რამდენიმე ასეული საგამოძიებო მოქმედება. გამოიკითხა 200-ზე მეტი პირი, მათ შორის გარდაცვლილი ქალის მეგობრები, თანამშრომლები, მეზობლები, დანაშაულის დღეს მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე მყოფი და იქ დასაქმებული პირები. მათგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დამნაშავე პირის იდენტიფიცირების მიზნით, შეიქმნა ფოტორობოტი, რომელიც გაეგზავნა ყველა ოპერატიულ დანაყოფს.

შესწავლილ იქნა შანაი ბრუკის გადაადგილების მარშრუტები და დათვალიერდა შემთხვევის დღეს შანაი ბრუკის გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერები, ასევე, შემთხვევის ადგილის, მისი დროებითი საცხოვრებელი სახლისა და მთაწმინდის პარკის მიმდებარე ქუჩებზე განთავსებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის - „112“-ის და კერძო ობიექტების კუთვნილი რამდენიმე ათეული ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები.

საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობისა და სამართლებრივი დახმარების ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა სახის ღონისძიება. კერძოდ, დისტანციურად გამოკითხულ იქნა ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი, შანაი ბრუკის მეგობარი, რომელთანაც შანაი ბრუკს გარდაცვალებამდე ჰქონდა კომუნიკაცია, სოციალური ქსელის მეშვეობით.

ასევე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული, სავარაუდო დამნაშავის ბიოლოგიური კვლები, დნმ-ის ბაზებთან შედარების მიზნით, გადაგზავნილ იქნა ინტერპოლის წევრ 194 სახელმწიფოში.

აღნიშნულ დანაშაულთან სავარაუდოდ შემხებლობაში მყოფი რამდენიმე ათეული პირისგან აღებულ იქნა ბიოლოგიური ნიმუშები, რომლებზეც დაინიშნა გენეტიკური ექსპერტიზები. მოხდა თითოეული მათგანის დეტალური გამოკითხვა, მათ მიერ გამოძიებისთვის მიცემული ინფორმაცია ალიბები, თუ სად იმყოფებოდნენ შანაი ბრუკეს გარდაცვალების დროს, გადამოწმდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებით. კომპლექსური და მრავალმხრივი საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად მინიმუმამდე შემცირდა ზემოთ აღნიშნულ პირთა წრე, ხოლო, გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნით, უტყუარად დადასტურდა ბრალდებულის ვინაობა.

გამოძიების ფარგლებში შეკრებილი მტკიცებულებების, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებების, ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების, გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, მიმდინარე წლის 8 სექტემბერს ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა 1988 წელს დაბადებული რ.მ.“ – განაცხადა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]