weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ღამის სამუშაოზე დასაქმებულს სამედიცინო შემოწმების მოთხოვნის უფლება ექნება

17:59 ხუთშაბათი, 09 სექტემბერი 2021

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ახალი ბრძანებით ღამის სამუშაოზე დასაქმებული პირისთვის წინასწარი (დასაქმებამდე) და შემდგომი პერიოდული სამედიცინო შემოწმების ჩატარების პერიოდულობა და ფარგლები განისაზღვრა.

დასაქმებულის მოთხოვნის შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებული იქნება საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს დასაქმებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, რათა დადგინდეს ღამით მუშაობის პოტენციური რისკები და უარყოფითი შედეგები დასაქმებულის ჯანმრთელობაზე.

ღამის სამუშაოზე დასაქმებული პირი არის: ა) ნებისმიერი დასაქმებული, რომელიც ყოველდღიური ნორმირებული სამუშაო დროის ფარგლებში ღამის დროის (22 საათიდან 6 საათამდე) განმავლობაში, ჩვეულებრივ, მუშაობს არანაკლებ 3 საათს; ან ბ) ნებისმიერი დასაქმებული, რომელიც წლიური სამუშაო დროის არანაკლებ ერთ მეოთხედს მუშაობს ღამის დროის (22 საათიდან 6 საათამდე) განმავლობაში.

ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების თანახმად, დასაქმებულის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული წინასწარი (პროფესიული) სამედიცინო შემოწმების მიზანია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის განსაზღვრა მოცემული ღამის სამუშაოსთვის ანუ იმ დაავადებებისა, თუ პათოლოგიური მდგომარეობის გამოვლენა, რომლის დროსაც კონტაქტი მოცემულ პროფესიულ ფაქტორთან უკუნაჩვენებია. პერიოდული სამედიცინო შემოწმების ჩატარება კი უზრუნველყოფს: პროფესიული შრომის მავნე და არახელსაყრელ პირობებში და სხვა პროფესიებზე მომუშავეთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დინამიკურ დაკვირვებას, პროფესიული და იმ ზოგადი დაავადებების საწყისი სიმპტომების გამოვლენას და პროფილაქტიკას, რომლებიც წარმოადგენენ აღნიშნულ პირობებში მუშაობის გაგრძელების წინააღმდეგ ჩვენებას, უბედური შემთხვევების თავიდან აცილებას.

ღამის სამუშაოზე დასაქმებულის სამედიცინო შემოწმებისას გათვალისწინებული უნდა იყოს რისკები, რომლებიც უკავშირდება: ა) იმუნიტეტის დაქვეითებას, რაც განაპირობებს ინფექციური დაავადებებით ხშირად ავადობას; ბ) სიმსივნური პათოლოგიების მატებას, რაც ასევე ასოცირდება იმუნური მექანიზმების უკმარისობასთან; გ) ინსულინის წარმოქმნის დაქვეითებას, რაც იწვევს მადის მომატებას და შედეგად, ჭარბი წონის პრობლემას; დ) გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის მატებას (ათეროსკლეროზი, ჰიპერტენზია, სტენოკარდია); ე) ღამის სამუშაოების გახანგრძლივებით გამოწვეულ სხვადასხვა ჰორმონალურ დარღვევებს, რაც გამოიხატება ნეირო-ფსიქიატრიული დარღვევებით: გუნება-განწყობილების გაუარესება, შფოთვა, ნერვიულობა და გაღიზიანება, დეპრესია, ქრონიკული დაღლილობა, ყურადღების დონის შემცირება და სხვა კოგნიტური დარღვევები.

წინასწარი და პერიოდული სამედიცინო შემოწმებები ტარდება შემდეგ სპეციალობებში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე ექიმსპეციალისტების მონაწილეობით: შინაგანი მედიცინა ან საოჯახო მედიცინა, კარდიოლოგია, ნევროლოგია, ოფთალმოლოგია, ოტორინოლარინგოლოგია,

წინასწარი და პერიოდული სამედიცინო შემოწმებები ტარდება შემდეგი კლინიკო-ლაბორატორული კვლევების გამოყენებით: სისხლის საერთო ანალიზი, კოაგულოგრამა, ელექტროკარდიოგრაფია, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში, მხედველობის სიმახვილის შემოწმება, აუდიომეტრია.

დასაქმებულს პერიოდული სამედიცინო გასინჯვები უტარდება წელიწადში ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში, საექიმო საქმიანობის უფლების მქონე შესაბამისი ექიმსპეციალისტის რეკომენდაციით, 6 თვეში ერთხელ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]