პროკურორის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 16:00 საათზე, თბილისში, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, რაფაელ მურსაკულოვი შანაი ბრუკს ყაჩაღურად, პირადი ნივთების დაუფლების მიზნით თავს დაესხა.
„მსხვერპლის მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო, ბრალდებულმა, ყაჩაღობის გაადვილების და შემდგომში მისი დაფარვის მიზნით, ანგარების მოტივით, მისი მოკვლა გადაწყვიტა. ბრალდებულმა შანაი ბრუკს დანით კისრის არეში მიაყენა დაზიანება და გაგუდა.
ამის შემდეგ იგი მსხვერპლის პირად ნივთებს დაეუფლა და დანაშაულის კვალის დაფარვა სცადა, ცხედარს ხის ტოტები დააფარა, დანაშაულის იარაღი - დანა მიმდებარე ტერიტორიაზე გადააგდო და ადგილიდან მიიმალა“, – განაცხადა პროკურორმა.
მისივე თქმით, სამართალდამცველებმა მურსაკულოვი გამოძიების მიერ შეკრებილი მტკიცებულებების, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებების, ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების, გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დააკავეს.
„მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით), 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით; ანგარებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნა პროკურორმა.
ბრალდების მხარე სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.
შანაი ბრუკი ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა და მეგობრების ინფორმაციით, ინგლისურის მასწავლებლად მუშაობდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის ცხედრის ავსტრალიაში გადასვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს.