ღარიბაშვილის თქმით, 2 ოქტომბრის არჩევნები მნიშვნელოვანია, რადგან ამომრჩეველი ირჩევს მათ, ვინც მოსახლეობას ადგილზე მოემსახურება, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე კი ქვეყანაში არჩევნები აღარ გაიმართება.
„ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ მომდევნო სამი წელი ქვეყანაში აღარ გაიმართება არჩევნები და ხალხი დაისვენებს და მართლა, ჩვენ ყველანი კონცენტრირებას მოვახდენთ საქმეზე, შრომასა და განვითარებაზე. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა და ჩვენი მთავარი საქმე“, – განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს საერთაშორისო პარტნიორობის შუამავლობით, მმართველი და ოპოზიციური პარტიების მიერ 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით, თუ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ მიიღებს პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს, 2022 წლის გაზაფხულზე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. „ქართულმა ოცნებამ“ ეს შეთანხმება 28 ივლისს ანულირებულად გამოაცხადა იმ საბაბით, რომ მას მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ უერთდებოდა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დოკუმენტს ხელი მხოლოდ 2 სექტემბერს მოაწერა. პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, მმართველ პარტიას არ მისცემენ უფლებას, 43%-იანი ბარიერის შესახებ აღებულ ვალდებულებას გაექცეს.