weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

18:06 პარასკევი, 10 სექტემბერი 2021
სააგანტო „ინტერპრესნიუსის“ ფოტო სააგანტო „ინტერპრესნიუსის“ ფოტო

თბილსის საქალაქო სასამართლომ ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ რაფაელ მურსაკულოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა იმის თაობაზე, რომ ბრალდებულის გათავისუფლების შემთხვევაში, არსებობდა მისი მიმალვის და მის მიერ საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.

ინგლისური ენის პედაგოგი შანაი ბრუკი, რომელიც საქართველოში ერთი წელი ცხოვრობდა, 30 ივლისს, თბილისში გაუჩინდარდა. მისი ცხედარი 31 ივლისს, დღის მეორე ნახევარში, მთაწმინდის ერთ-ერთ ფერდობზე იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სამართალდამცავებმა რაფაელ მურსაკულოვი 8 სექტემბერს დააკავეს. პოკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 30 ივლისს, დაახლოებით 16:00 საათზე, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, რაფაელ მურსაკულოვი შანაი ბრუკს ყაჩაღურად, პირადი ნივთების დაუფლების მიზნით თავს დაესხა.

„მსხვერპლის მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო, ბრალდებულმა, ყაჩაღობის გაადვილების და შემდგომში მისი დაფარვის მიზნით, ანგარების მოტივით, მისი მოკვლა გადაწყვიტა. ბრალდებულმა შანაი ბრუკს დანით კისრის არეში მიაყენა დაზიანება და გაგუდა. ამის შემდეგ იგი მსხვერპლის პირად ნივთებს დაეუფლა და დანაშაულის კვალის დაფარვა სცადა, ცხედარს ხის ტოტები დააფარა, დანაშაულის იარაღი - დანა მიმდებარე ტერიტორიაზე გადააგდო და ადგილიდან მიიმალა“, – აცხადებს პროკურატურა.

მურსაკულოვს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით), 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით; ანგარებით) წარედგინა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]